მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი პირების კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებზე უფასო სწავლებასა და მათი მხარდაჭერისთვის სხვადასხვა ღონისძიებების გატარებაზე, მათ შორის მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობაზე. ასევე, ამ მიზნით ერთობლივი კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების ორგანიზებასა და განხორციელებაზე.
მემორანდუმის გაფორმების შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროსა და კოლეჯის წარმომადგენლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ.
კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ შეხვედრის მონაწილეებს დაათვალიერებინა უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, სადაც კოლეჯის მოსწავლეები გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ოფიციალურ სოციალურ გვერდზე დაიდება ინფორმაცია კოლეჯ „სპექტრის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომლებშიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაერთონ.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კოლეჯ „სპექტრში“ ისწავლება შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა ასაკის დევნილ მოქალაქეებს მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაცია. ბედნიერი ვიქნები თუ ჩვენი დახმარებით ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ პროგრამებში.
მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა კოლეჯ „სპექტრსა“ და მის დირექტორს ბატონ მათე ტაკიძეს, იმისთვის რომ განსაკუთრებული ყურადღებით უდგება ჩვენს დევნილ მოქალაქეებს, რათა ხელი შევუწყოთ მათ არა მარტო სხვადასხვა პროფესიის დაუფლებაში, არამედ შემდგომ დასაქმებაში. ყველას, ვინც კოლეჯის მიერ შემოთავაზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს კარგად აითვისებს, ფაქტობრივად გარანტირებული ექნება სამუშაო ადგილი, რაც ერთ-ერთი მთავარი საჭიროებაა ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის.
ჩვენ აფხაზეთში აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ და ძლიერი ერთიანი ქვეყანა აფხაზებთან ერთად უნდა შევქმნათ, იმისთვის რომ ეს მოხერხდეს უნდა ვისწავლოთ შრომა და მე მჯერა, რომ ეს მემორანდუმიც ამ დიდ საქმეში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.“ - დავით ფაცაცია