აფხაზეთის მეომართა კავშირმა სამედიცინო ცენტრ „დიომედს“ საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

აფხაზეთის მეომართა კავშირმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამედიცინო ცენტრ ,,დიომედის“ საბურთალოს ფილიალს სრულიად უსასყიდლოდ ექოსკოპიის აპარატი გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებს გაეწევათ უფასო სამედიცინო მომსახურება.

ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატის „დიომედისთვის“ გადაცემა აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელის ლევან ქეცბაიას ძალისხმევითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და სხვადასხვა დამატებითი პროგრამის განვითარების პერსპექტივები.