აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს წიგნის წარდგენას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიოს წიგნის „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა მიმართეს.

წიგნი ასახავს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მოღვაწის, საეკლესიო მწერლის, ღირსი ალექსი სენაკელის ცხოვრებას. ალექსი სენაკელი 1852-1923 წლებში მოღვაწეობდა. მონოგრაფიაში შესწავლილია ღირსი მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა სფერო; წიგნი მოიცავს ახლადმიკვლეულ საარქივო მასალას, რომელშიც ასახულია ღირსი მამის ცხოვრების მანამდე უცნობი დეტალები.

წიგნი „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის მხარდაჭერით, ღირსი ალექსი სენაკელის გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავზე გამოიცა.