დავით ფაცაცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას „ქართულ-ებრაული ურთიერთობები“ დაესწრო

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება „ქართულ-ებრაული ურთიერთობები“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სოხუმში დაბადებული ქართველი ებრაელის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორია (საარქივო მასალების მიხედვით)“ პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური კოლექცია - ლაილაშის ბიბლია, ებრაელთა ისტორიის, მათი შემოსვლის ამსახველი „ქართლის ცხოვრების“ ფურცლები, ებრაული კოლექციის ხელნაწერთა ფოტორეპროდუქციები და საინფორმაციო ბანერები.

ღონისძიება კავკასიის სოციო (ეთნო) ლინგვისტური ასოციაცია „ებრაული სააგენტო ისრაელისთვის“ და ქართულ-ებრაული სამეცნიერო-კვლევითი და კულტურული ცენტრის „ფესვები“ პარტნიორობით განხორციელდა და მისი მიზანია ქართულ-ებრაული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების წარმოჩენა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წიგნი „საქართველოს ებრაელთა ისტორია“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით გამოიცა და მასში შესულია უნიკალური საარქივო მასალები.