სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სენაკში, ფოთში, ზუგდიდში, ჯვარსა და ფოცხოეწერში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარემ იძულებით გადაადგილებული პირთა კომპაქტური ჩასახლების ადგილები მოინახულა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. რუსლან აბაშიძე ასევე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და განსახლების ადგილებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ღონისძიებებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან და წარმომადგენლებთან, რომელთაც მცირე სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ხელსაწყოები გადაეცათ.

აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში ახორციელებს.