რუსლან აბაშიძე კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავისუფლების მოედანზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცეს და ქვეყნისთვის ამ ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ძმებო და დებო! პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას! ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. მე გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას, ისტორიულ გადაწყვეტილებას და ისტორიულ გამარჯვებას, ჩემო მეგობრებო! ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს! დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა, დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა.