დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს - 2023 -წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ქუთაისში გამართულ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე, მინისტრმა დავით ფაცაციამ დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურის, სოციალური კეთილდღეობის, სამოქალაქო სერვისებისა და დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

„აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე მდგარი ყველა გამოწვევის მოგვარება მცირე დროში ძალიან რთულია, თუმცა ჩვენი პირველი ამოცანა და მიზანი არის, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, შევძლოთ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული ძირითადი კრიტიკული საკითხების მოგვარება.

მოქალაქეებთან სისტემატური კომუნიკაცია, მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობა და გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანია ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის. სწორედ ამ მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვხვდებით სხვადასხვა რეგიონების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს.

შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ და მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენმა აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქემ იცოდეს შედეგები, რაც მათთან კომუნიკაციას მოჰყვა.

სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, რეგიონებში, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის წარგვედგინა ის პროექტები, რომლებიც სამინისტრომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის მიზნით განახორციელა.

სწორი და პირდაპირი კომუნიკაციის წყალობით ჩვენ შევძელით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და იმერეთის რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების 38 ობიექტზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არაერთი აფხაზეთიდან დევნილი უზრუნველყოფილ იქნა ერთჯერადი ფულადი დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით, სხვადასხვა სამოქალაქო სერვისით.

აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს, პირველ რიგში, იმისთვის, რომ უშუალო კომუნიკაციით მივიღოთ ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ და გავაცნოთ ის შედეგები, რაც მათთან კომუნიკაციას მოჰყვა.

პრეზენტაციის დასასრულს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლების შეკითხვებს ვუპასუხე. ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ერთიანი და ძლიერი საქართველოს მშენებლობას, ამაში კი თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და როლი მნიშვნელოვანია.“ - დავით ფაცაცია