დავით ფაცაციამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან - კარამაის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ სუ ვეისთან, დუშანზის რაიონის მერ ლიუ ჰენგისთან, მუნიციპალური ეკონომიკური თანამშრომლობის მომსახურების ცენტრის დირექტორ ბაი ლუსთან, საქართველოში ჩინეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ სტივ იუსთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველ, ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორ, პროფესორ ჯემალ ფუტკარაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მხარდაჭერასა და ჰუმანიტარული დახმარებების განხორციელებაზე ისაუბრეს.

„ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, განვიხილეთ სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მხარდაჭერა ყველა შესაძლო მეთოდით, რაშიც ჩვენი მეგობრების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.