რუსლან აბაშიძე „ელჩების კონფერენცია 2023: საქართველო - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“-ს დაესწრო

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2023: საქართველო - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ, ყველამ ერთად, ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი ხალხის, ჩვენი ერთობლივი მუშაობის. მინდა გულწრფელად ყველა დიპლომატს, ყველა ელჩს გადაგიხადოთ მთავრობის სახელით მადლობა თქვენი გაწეული შრომისთვის, თავდადებისთვის, პატრიოტიზმისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გზა არ ყოფილა იოლი, ძალიან ბევრი საქმე იქნა გაწეული როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის მიერ, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიერ და შედეგი გვაქვს სახეზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი გამოსვლაში ასევე ქვეყნის მთავარ გამოწვევას, ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს შეეხო.

„ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ მეტად რთულ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება, რამაც უკვე კონკრეტული, ხელშესახები შედეგები მოიტანა, ასე ვთქვათ, დაიწყო და მოიტანა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის.

რა თქმა უნდა, მე კარგად მესმის ის სირთულეები, რომლებიც დღეს რჩება ჩვენს ქვეყანაში. მთავარი გამოწვევა, ბუნებრივია, არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და, სამწუხაროდ, 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა არის ოკუპირებული და ვერ ვახორციელებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

2023 წლის ელჩების კონფერენციის მთავარი ფოკუსი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაა. ორდღიან კონფერენციაზე მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოებისა და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში, ასევე − ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.