დავით ფაცაციამ აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

პრეზენტაციის შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.

"შეხვედრაზე, რომელსაც დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 500-ზე მეტი თავმჯდომარე ესწრებოდა, დევნილ მოქალაქეებს გავაცანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ სოციალური, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო სერვისების მიმართულებებით გაწეული საქმიანობა.

აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შევხვდით დევნილთა განსახლების ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან დევნილმა 2000-ზე მეტმა მოქალაქემ.

კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრების შედეგად, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ.

აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე მდგარი ყველა გამოწვევის მოგვარება მცირე დროში ძალიან რთულია, თუმცა ჩვენი პირველი ამოცანა და მიზანი არის, უმოკლეს დროში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, შევძლოთ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული ძირითადი კრიტიკული საკითხების მოგვარება.

ჩვენი სამინისტროს ძირითად პრიორიტეტს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით მათთან უშუალო კომუნიკაცია, ასევე, შეხვედრების შედეგების გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი ტიპის კომუნიკაციას აქტიურად გავაგრძელებთ." - დავით ფაცაცია