აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრსა და მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მედია ცენტრთან „ღია აფხაზეთისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტრმა ეკა წივწივაძემ და მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისთვის“ წარმომადგენელმა ნინო ჩხეიძემ მოაწერეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული მედია კონტენტის, მარტის თვიდან, კვირაში ორჯერ, ტელეკომპანია აფხაზეთის ხმის ეთერში გაშვებას. ეთერში გავა, როგორც აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული ახალი ამბები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აქტივობები. ის მედიაპროექტები, რომლებსაც ცენტრი ორად გაყოფილი საზოგადოების დაახლოებისთვის ამზადებს.

„აფხაზეთის მთავრობის ძალისხმევითა და ჩართულობით, საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მონაწილეობით და კერძო ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმის“ თანადგომით ჩვენ ვუბრუნდებით სატელევიზიო სივრცეს და შესაძლებლობა გვექნება, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი თემა ამ არხის საშუალებით ფართო საზოგადოებას გავუზიაროთ. მინდა მივულოცო ყველას, პირველ რიგში კი ჩვენ საზოგადოებას, რომ 7 წლის შემდეგ ჩვენ მედია სივრცეში დავბრუნდით!“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრმა ტელეეთერში მაუწყებლობა 2017 წლის ივლისში შეწყვიტა. 7 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, რაც ცენტრის  პროექტები ტელესივრცეს უბრუნდება. ამჯერად უკვე აფხაზეთის ხმაზე.