აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით 2024 წლის აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაიწყო.
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდების მონაწილეობით, ოლიმპიადა ჩატარდება სპორტის ხუთ სახეობაში: გეზრბენი (კროსი), მინი ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი და ფრენბურთი.
17 თებერვალს, ქალაქ სენაკში გაიმართა აფხაზეთის რეგიონული ტურნირი გეზრბენში (კროსი). ტურნირში მონაწილეობდნენ აფხაზეთის №1, ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 და აფხაზეთის №14 საჯარო სკოლების ვაჟებისა და გოგონების გუნდები.
ვაჟებში პირველი ადგილი აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
გოგონების შეჯიბრში პირველი ადგილი აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე კი აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
ტურნირში მონაწილე გუნდები სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო გამარჯვებულ გუნდებს სამინისტროს სახელით სპორტული ფორმები გადაეცათ.
აფხაზეთის რეგიონულ ტურნირში პირველ ადგილზე გასული გუნდები საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ზონალურ შეხვედრაში აფხაზეთის სახელით იასპარეზებენ.
აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის „განათლება მომავლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.