რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მე-60 რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას და, ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების - რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების  მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე

ასევე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის აუცილებლობას.

შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ  დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებული მწვავე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების საკითხი; გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა  საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის რეგიონში ნდობის აღდგენისაკენ მიმართული პროექტების შეზღუდვისა და დაბლოკვის მცდელობებზე. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2024 წლის 4-5 აპრილს.