„აფხაზეთის დღისადმი“ მიძღვნილი საღამოს ფარგლებში აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომის „ერთ სიმღერას ვმღერით“ პრეზენტაცია გაიმართა

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში „აფხაზეთის დღე-2024“ აღინიშნა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, „ბრავო რექორდსის“ მიერ შექმნილი აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომის „ერთ სიმღერას ვმღერით“ პრეზენტაცია გაიმართა.

წელს პირველად აფხაზეთის დღის აღნიშვნა აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ასევე, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მათ თანატოლებს მიეძღვნა.

საღამოზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ და პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, გურამ ოდიშარიამ.

კონცერტზე ალბომში შესული აფხაზური მუსიკალური კომპოზიციები ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა წარმოადგინეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, მოხდა დღევანდელ აფხაზეთში ყველაზე მოსმენადი და პოპულარული თანამედროვე მუსიკალური ჰიტების შერჩევა-გადამუშავება და მათი ახლებურად გააზრებული არანჟირებების შექმნა. სიმღერების ვოკალური ნაწილი აფხაზურ ენაზე პოპულარულმა ახალგაზრდა ქართველმა მომღერლებმა ჩაწერეს.

პროექტში მონაწილეობდნენ ნუცა თოფურია, ია ჯგერენაია, ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე, გიორგი ცხადაძე, დუეტი „ჯორჯია“, სოფო გელოვანი და გიორგი სუხიტაშვილი, თიკა მახალდიანი, სოფო ხალვაში, ანსამბლი „ოდა“, მილენა აჟიბა და ნინო პაპავა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“.

ალბომში შესულია 10 თანამედროვე აფხაზური პოპ-ჰიტი და ერთი ავთენტური აფხაზური ხალხური სიმღერა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ შესრულებით.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ, ჟურნალ „სითისა“ და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, „აფხაზეთის დღეს“ ყოველწლიურად სხვადასხვა თემატური ღონისძიებებით მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნავს. ზემოაღნიშნულის ფარგლებში 30 ივნისს ბათუმში დაგეგმილია გალაკონცერტი „აფხაზეთისთვის“, ასევე, სხვადასხვა აქტივობები დასავლეთ საქართველოში, სადაც აფხაზეთობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი ე.წ. გამყოფ ხაზთან მასშტაბური კონცერტით დაიხურება.