დავით ფაცაცია ფოლკლორულ მუსიკის საღამოს „იმერეთიდან აფხაზეთამდე“ დაესწრო

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ მეუფე იოანეს ლოცვა - კურთხევით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ფოლკლორული მუსიკის საღამო - "იმერეთიდან აფხაზეთისკენ", რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფოლკლორული კოლექტივები.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომლებშიც ჩართულნი არიან ბავშვები, ახალგაზრდები განსაკუთრებით აფხაზეთელებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორედ, კულტურა არის პირველი ხიდი, პირველი წყარო ნდობის, სიყვარულისა და ერთიანობისა.

იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი იყოს ბედნიერი, ქართველებს და აფხაზებს გვაქვს ვალდებულება - მშვიდობით, სიყვარულით და ერთმანეთის ნდობით შევქმნათ ახალი რეალობა და გავერთიანდეთ არა ძალით, არამედ იმ სიყვარულით, ერთობით და ნდობით, როგორითაც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები.

ამ გზაზე უწმინდესი ილია მეორე არის ყველაზე დიდი მაგალითი თავმდაბლობის, სათნოების, უბრალოების, სიყვარულის, მოთმინების, რომელმაც ყველა მძიმე პერიოდებში დაანთო თითოეული ჩვენგანის გულებში, ოჯახებში სანთელი და გვასწავლა ღვთის გზაზე სიყვარულით, ერთობით სიარული. ველოდები იმ დღეს, როცა უწმინდესი და უნეტარესი ილია II დალოცავს სოხუმიდან გაერთიანებულ საქართველოს და ღმერთმა ქნას ეს ძალიან მალე მოხდეს.

მადლობას ვუხდი ღონისძიების ყველა მონაწილეს საოცარი ემოციებისთვის, წარმატებებს ვუსურვებ მათ და მჯერა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა თაობაა, ის ძლიერი ძალა, რომელიც დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში.“ - დავით ფაცაცია