შვეიცარიაში აფხაზი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი ფილმის გადაღება გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის მთავრობის ინიციირებული პროექტის ფარგლებში, ფილმის „ცნობილი აფხაზების უცნობი სახეები“ გადაღება გრძელდება. 

ემიგრაციაში მოღვაწე ცნობილი აფხაზების  შესახებ ფილმის გადაღება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი პრეზენტაცია წლის ბოლოს იგეგმება.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები პრილის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პრილის სასაფლაოზე პატივი მიაგეს გასული საუკუნის აფხაზური ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლის ზურაბ ჩხოტუას ხსოვნას. იქვე დაკრძალულია ცნობილი დიპლომატის ნიკი (ნიკოლოზ) ჩხოტუას ბიცოლა, ჩხოტუების საგვარეულოს ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის ჯოტო ემუხვარის მეუღლე - ვერონიკა ჰარისი-ემუხვარი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ემიგრაციის მხარდაჭერაში.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს ემიგრაციაში წასული აფხაზური წარმოშობის ცნობილი მოღვაწეების საარქივო მასალების მოძიებასა და მათ საქართველოში დაბრუნებას.