აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

შეხვედრის მონაწილეებს დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა გააცნო და ახალგაზრდებთან მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის იმ საერთაშორისო და ადგილობრივ ბანაკებზე, რომლებშიც შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ.

ახალგაზრდებს, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორის მათე ტაკიძის მხარდაჭერით, სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.

„იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი იყოს ბედნიერი, ქართველებს და აფხაზებს გვაქვს ვალდებულება - მშვიდობით, სიყვარულით და ერთმანეთის ნდობით შევქმნათ ახალი რეალობა და გავერთიანდეთ არა ძალით, არამედ იმ სიყვარულით, ერთობით და ნდობით, როგორითაც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები.

მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს საინტერესო შეხვედრისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შვილების მხარდაჭერისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებული ახალგაზრდები გაიზრდებიან. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებებს და მჯერა, რომ თავიანთ წვლილს შეიტანენ ჩვენი საზოგადოების ერთიანობის საქმეში!“ - დავით ფაცაცია