აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ გიორგი გაბედავასთან ერთად, კემბრიჯის უნივერსიტეტის ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საგანმანათლებლო რეფორმებისა და პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელ სტივენ კინგს შეხვდა.

შეხვედრაში სქილვილის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე და სქილვილ-საქართველოს დირექტორი ლანა ჩხარტიშვილი მონაწილეობდნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო. ყურადღება გაამახვილა ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის მიერ განათლების მიმართულებით არსებულ პროექტებსა და პროგრამებს, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა დევნილი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ინოვაციური მეთოდებით ახორციელებს.

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სოციალიზაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, როგორც ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ პროექტებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.