აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართეს

აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ბათუმში გამართეს.

ლევან მგალობლიშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ ერთმანეთს კოლეგა მინისტრები წარუდგინეს და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაში გაიმართა, ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის მხრიდან - ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, კულტურის და განათლების მინისტრი დავით მორგოშია, იუსტიციის მინისტრი - გიორგი ძიგუა, აჭარის მთავრობის მხრიდან კი - ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და განათლების მინისტრი - მაია ხაჯიშვილი.

ლევან მგალობლიშვილმა თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მცხოვრები დევნილი საზოგადოების მიმართ მზრუნველობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში სოხუმში გაიმართება.