აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზუგდიდში ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა და ჟიული შარტავას შვილიშვილმა ზუგდიდში საქართველოს ეროვნულ გმირ ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნეს.

ბიუსტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და სამშობლოს წინაშე ჟიული შარტავას ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ. ბიუსტის გახსნაზე, ასევე, იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

„ბატონი ჟიული შარტავა ყველასთვის ცნობილი პიროვნებაა. ადამიანი, რომელმაც, ვიტყოდი, რომ გარდაცვალების შემდეგაც შექმნა ახალი ეპოქა და ამის დასტურია ქალბატონი ლიკას, მისი შვილიშვილის ჩვენს გუნდში ყოფნა, გაწევრიანება ჩვენს დიდ პოლიტიკურ ოჯახში. იმედი მაქვს, ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ბატონი ჟიულის სახელის უკვდავსაყოფად" - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ჟიული შარტავას ბიუსტი "ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოების" ინიციატივით შეიქმნა.