თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზური ეზო“ მოეწყო.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ გახსნა, მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თბილისობის“ ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქცია, მოეწყო ტრადიციული სამოსისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, აფხაზური თემატიკის ფოტო მასალა და ბეჭდური გამოცემები, გასტრონომიული და კალიგრაფიული მასტერკლასები, ღვინისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და ქვიშაზე მომზადებული ყავა სოხუმურად.
მოწვეული სტუმრების წინაშე აფხაზურ-ქართული მუსიკალური და ფოლკლორული წარმოდგენით აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოტობაია“ და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ წარდგნენ.
„მინდა თბილისობა მივულოცო ჩემს თბილისს, თბილისელებს და ყველა კუთხის წარმომადგენლებს. განსაკუთრებით ჩემ დროებით დევნილ მოსახლეობას, დიდი ამაგი აქვს თბილისს ჩვენი დევნილი მოსახლეობის მიმართ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს. ასევე, ყველა რაიონის გამგებელს იმ სიკეთისთვის და გვერდში დგომისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად ჩვენი მოსახლეობის მიმართ იჩენენ. დღევანდელი ღონისძიება ამ ყველაფრის ნათელი დასტურია და დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურა წარმოვაჩინოთ და გავუზიაროთ სხვადსხვა სტუმარს, მათ შორის ტურისტებს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, ძალიან მალე, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან სოხუმში გიმასპინძლებთ.“ - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.