დავით ფაცაციამ აფხაზეთის თემაზე გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ სამეცნიერო კონფერენციას - „აფხაზეთი - ისტორია და თანამედროვეობა“ დაესწრო.

კონფერენციაზე სამღვდელოების წარმომადგენლებმა, ისტორიკოსებმა და ანალიტიკოსებმა აფხაზეთის ისტორიასთან და თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს და თემებთან დაკავშირებით ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

„კონფერენციის თემა: „აფხაზეთი - ისტორია და თანამედროვეობა“ მკაფიოდ გამოკვეთს ჩვენი ფიქრისა და მსჯელობის თვალსაწიერს. ჩვენ უნდა შევძლოთ და სიღრმისეულად წარმოვაჩინოთ აფხაზეთის ისტორია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების პროცესში. არაერთი უცხოური წყარო საქართველოს აფხაზეთად მოიხსენიებდა, ხოლო აფხაზებს - ქართველებად და ქართველს - აფხაზად.

უნდა გვახსოვდეს, რომ აფხაზეთი არამარტო ტერიტორია, არამედ ჩვენი ერის სულიერი მთლიანობის ერთ-ერთი ის აუცილებელი მდგენელია, რომლის გარეშეც ჩვენი საზოგადოების წინსვლა და ერთობა წარმოუდგენელია.

ხშირად ვამბობთ, რომ აფხაზეთი ჩვენი ტკივილია. დიახ, ეს ასეცაა, მაგრამ ქრისტიანული აზროვნება სხვაგვარად გვთავაზობს ყოველგვარი პრობლემის აღქმას. ჩვენი რწმენით, ჯვარცმას და გოლგოთას ყოველთვის მოსდევს აღდგომა და ამაღლება; დიდ განსაცდელებს, თუკი ადამიანი გადაიტანს მართებულად, გონივრულად, სიბრძნით, ღვთის ნებით, მოსდევს დიდი სულიერი აღმავლობა და გამარჯვებები. ამიტომ ამ ტკივილთან დაკავშირებულია ჩვენი იმედიც. ეს არის იმედი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ერთმანეთის ახლებურად დანახვას, ეს არის იმედი ურთიერთმიტევების, ეს არის იმედი იმისა, რომ ჩვენი დევნილები თავიანთ კუთხეში დაბრუნდებიან, ყველანი... ეს არის იმედი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ ერთ სახელმწიფოში, ერთ ქვეყანაში თანაცხოვრებას სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით, უფლის ნებითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით.“ - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და მსგავსი ტიპის კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს კონფერენციის ორგანიზებისთვის, რადგანაც უაღრესად მნიშვნელოვანია ტრაგედიის 31 წლის თავზე, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ საქართველოს ერთიანობის აუცილებლობას და დავაფიქსიროთ ჩვენი საზოგადოების განწყობა, დამოკიდებულება.

კონფერენციის მიზანი და ამოცანა საბოლოო ჯამში არის ჭეშმარიტების დადგენა, თუ როგორ ხელოვნურად ვითარდებოდა ის პროცესები, რომლებმაც ძმათა დაპირისპირებამდე მიგვიყვანა და ჩვენ - ორივე მხარემ ვეძებოთ სწორი, ისტორიული, ქრისტიანული და სიყვარულის გზა ერთმანეთის დასაბრუნებლად.

ჩვენ ალბათ ეს გოლგოთა უნდა გაგვევლო, რომ გაგვეაზრებინა თუ რა ბედნიერები ვიყავით აფხაზეთში და მეორე მხრივ, ის უბედურება რაც გვჭირდა - ჩვენ ღმერთი დავკარგეთ აფხაზეთში და შემდგომ უფრო უარესი მოხდა, როცა ნათესავები, ახლობლები, ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ზუსტად იგივე დაემართა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მოსახლეობას.

ახლა ისე როგორც არასოდეს დიდგორი გველოდება, უნდა გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი, რომელიც პირველ რიგში გადის ჩვენს რწმენაზე და თუ ეკლესია იქნება ძლიერი, საქართველო იქნება ძლიერი, თუ ვიქნებით ქრისტიანულად მტკიცედ, ერთმანეთის მიმართ სიყვარულით, მაშინ ვერავინ მოგვერევა.

სახელმწიფოს სიძლიერით, მდგრადობით და სწორი სტრატეგიული ქმედებებით ჩვენ უნდა შევქმნათ და გავაძლიეროთ ერთიანი საქართველო და ჩვენი ერთობით უნდა დავამარცხოთ გარე და შიდა მტრები, რომლებიც ებრძვიან ჩვენ ეკლესიას, ქართულ სიმტკიცეს და მშვიდობას.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

კონფერენცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით და საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის თანადგომით ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.