2024-10-08 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აფხაზეთის მთავრობის წევრების შეხვედრები აფხაზეთიდან დევნილებთან დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დროებით დევნილი საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების შესწავლის და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საბურთალოს ტერიტორიაზე, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში არსებული დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას მინისტრმა დაწვრილებით მოისმინა აფხაზეთიდან დევნილების პრობლემები და საჭიროებები.
“დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, რათა მოვისმინოთ თითოეული თქვენგანის პრობლემები და მოვახდინოთ თქვენი საჭიროებების იდენტიფიცირება. ჩვენი პრიორიტეტია კეთილსინდისიერად და გულისხმიერად მივუდგეთ თქვენს ყველა პრობლემას და ერთად ვიზრუნოთ მათ მოგვარებაზე. სამინისტრო 100-მდე სამედიცინო მომსახურებას აფინანსებს, თუმცა მომავალ წელს მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერით იგეგმება პროგრამების გაფართოება და დაფინანსების რაოდენობის გაზრდას” - განაცხადა ლაშა ქარდავამ.
აღნიშნული დავალება დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკის სიღრმისეულად შესასწავლად მინისტრებმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად “ქართული ოცნების” საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ესწრებოდა.