ზემო აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი, ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები კვების პროდუქტების და ჰიგიენის საგნების 310 ლარიან ვაუჩერს, ერთჯერადი დახმარების სახით მიიღებენ.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა. (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 16 აგვისტოს №25 დადგენილება). 

დადგენილებით განისაზღვრა, ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსდებიან.

გასათვალისწინებელია რომ:

ა.ა) ოჯახის ოთხ წლამდე ერთ ბავშვს - ერთი ვაუჩერი;

ა.ბ) ოჯახს რომელსაც ჰყავს ტყუპები - თითოეულს ერთი ვაუჩერი;

ა.გ) ოჯახს რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.დ) ოჯახს რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - ბავშვი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ე) ოჯახს სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ვ) ოჯახს სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ომის ვეტერანია - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ზ) ოჯახს სადაც მშობელს აქვს მარტოხელა მშობელის სტატუსი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.თ) ოჯახს სადაც ბავშვი და/ან მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირია - დამატებით ერთი ვაუჩერი.