დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილთათვის უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან, ხონის საკრებულოსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას დაესწრო.

ხონში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ორგანიზებულ სამედიცინო აქციაზე, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს, ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები უფასოდ გადაეცათ.

სათვალეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიისგან“(International Human Rights Commission) ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღო.

„ჩვენი სამინისტროს ძირითად პრიორიტეტს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით ჩვენ სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მეტი ღონისძიებების განხორციელებას აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისა და მათი მხარდაჭერისთვის.“- განაცხადა დავით ფაცაციამ.