აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ხელოვანების მიერ აფხაზეთის მუზეუმის აღდგენისათვის მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი 30 მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
საქველმოქმედო გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების მიზანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ეროვნული მუზეუმისთვის, რომლის შენობაც გასულ წელს დაიწვა, სოლიდარობის გამოხატვა და აფხაზეთის ეროვნული მუზეუმის ფონდის შევსებისთვის გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შეთავაზება, გადაცემა.
„როგორც ღმერთია მაარსებელი - სიყვარულის, მიტევების, ურთიერთპატივისცემის, ისევე ხელოვნება, კულტურა არის პირველი ხიდი, პირველი წყარო - ნდობის, სიყვარულის, ერთიანობის, ყველაზე სწორი გზა მშვიდობისა და ქვეყნის გაერთიანების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში.
ველოდებით უკუკავშირს აფხაზეთიდან, ჩვენი აფხაზი მხატვრების მხრიდან. მჯერა, რომ ჩვენი ხელოვანების ეს კეთილი, სწორი, მართალი ნაბიჯი იქნება ხელშესახები და გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატები, მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს და დაცული იქნება გაერთიანებული საქართველოს, სოხუმის ეროვნულ გალერეაში.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.