აფხაზეთის ომის დროს, ტამიშთან მომხდარი ბრძოლიდან 32 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„ტამიშის ბრძოლა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ეს მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ჩვენმა გმირებმა საქართველოს ერთიანობისთვის გაწირეს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე.
დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეა, რომლის გამოც ეს ადამიანები ჩვენს სამშობლოს შეეწირნენ აუცილებლად იქნება აღსრულებული და საქართველო იქნება ერთიანი“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
მემორიალთან ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.