ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიით 2024–2025 წლებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში გამარჯვებული ხუთი წარმატებული სპორტსმენი დააჯილდოვა.
სტიპენდია მიზნად ისახავს 8-დან 17 წლამდე ასაკის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერასა და წახალისებას.
სტიპენდიით დაჯილდოვდნენ:
• ძიუდოისტი თინათინ გულბანი
• მკლავჭიდელი გიორგი ტორუა
• ტაეკვანდოისტი სარა ბენდელიანი
• კალათბურთელი ცოტნე დგებუაძე
• კარატისტი ალექსანდრე არქანია
სპორტსმენები სტიპენდიას შვიდი თვის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აფხაზეთის აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიტალი დარასელიამ ფეხბურთის თამაში 1967 წელს ოჩამჩირის ბავშვთა სპორტულ სკოლაში დაიწყო, 15 წლის ასაკში გუნდ „ამირანში“ გადაიყვანეს. 1975 წელს ჩაირიცხა თბილისის „დინამოში“, სადაც მალევე გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კლუბში 273 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა. ვიტალი დარასელია დღემდე აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.