გიორგი ჯინჭარაძე "საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“-ის შემაჯამებელ გამოფენას დაესწრო

აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“-ის ფარგლებში შემაჯამებელი გამოფენა მოეწყო, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა და გაეცნო გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს.

გამოფენას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო პლენერში მონაწილე ხელოვანების ნამუშევრები, რომლებიც საიუბილეო პლენერის ფარგლებში აჭარაში, სხვადასხვა ლოკაციაზე შეიქმნა.

პროექტი „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“ 4-9 აგვისტოს პერიოდში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით და „შავი ზღვის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო გაერთიანება პლენერი-20“-ის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია დევნილი მხატვრების დაახლოება, მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა და მომავალში ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის მოტივაციის ამაღლება.

ღონისძიების ფარგლებში სსიპ „აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ორგანიზებით ახალგაზრდა დევნილი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა.