დავით ფაცაცია მთავრობის წევრებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძეს და აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს შეხვდა

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამიასთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძეს და აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. ისაუბრეს ცენტრის მნიშვნელობაზე და მსგავს პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამშვიდობო სწავლების ცენტრის სწორედ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნა, რადგან უნივერსიტეტი წარმოადგენს განათლების მთავარ კერას და მნიშვნელოვან ძალას ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და იდენტობის შენარჩუნების პროცესში.

დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი ვოლსკს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებას - „ერთობა ხვალისთვის“ - მნიშვნელოვანი და პრინციპულად აუცილებელი პროექტის წამოწყებისთვის.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.