თელავში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
 
აქციის ფარგლებში თბილისიდან მოწვეულმა ექიმებმა მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს. ასევე, ჩატარდა სხვადასხვა ინსტრუმენტული კვლევა, მათ შორის კარდიოგრამა და ექოსკოპიური გამოკვლევები. ექიმის დანიშნულების შესაბამისად, ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
 
სამედიცინო აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ღონისძიება აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხორციელდება და მის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.