2026 წლის 26 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (GID) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს თანათავმჯდომარეებმა და დელეგაციამ.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. განხილული იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და არსებით საკითხებზე კონკრეტული პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხზე.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის წევრებმა ახალ პროგრამებზე და ინიციატივებზე იმსჯელეს.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერას აგრძელებს. განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთიდან დევნილების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ინიციატივების ხელშეწყობასა და საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ზრდას ეთმობა.
„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დევნილი ვეტერანების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით, წელს მნიშვნელოვნად გაგვეზარდა დაფინანსება. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ვეტერანებს 500-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ.
დღეს, ასევე წარმოდგენილია 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი. აღსანიშნავია, რომ რესურსების გადანაწილებისა და ოპტიმიზაციის მეშვეობით, კიდევ უფრო შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და გავზარდეთ პროგრამული დაფინანსების მოცულობა.
ასევე, ვიწყებთ მნიშვნელოვან რეფორმას საჯარო მმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო რესურსების მიზნობრივი გამოყენების მიმართულებით. სამინისტროებში ვნერგავთ ოთხწლიანი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცების პრაქტიკას.
აღნიშნული მიდგომა გაზრდის სამინისტროების საქმიანობის გამჭვირვალობას და გააუმჯობესებს ანგარიშგების ხარისხს, რაც პირდაპირ აისახება დევნილთა კეთილდღეობისკენ მიმართული პროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.
მინდა დავაინიცირო კიდევ ერთი სიახლე... მიმდინარე წელს დაფინანსდება აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ინიციატივები, რისთვისაც მთლიანობაში გამოყოფილია 290 000 ლარი. უკვე დაწყებულია საპროექტო განაცხადების მიღება საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის მიმართულებებით.
ასევე, დაგეგმილია ორი ახალგაზრდული ბანაკის ორგანიზება, სადაც 100-მდე დევნილი ბენეფიციარი ჩაერთვება არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი სეზონი სპექტაკლის „სამი ფათერაკიანი დღე“ პრემიერით გახსნა.
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
„სამი ფათერაკიანი დღე“ ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის ცნობილი მოთხრობის „თამაში ჭვავის ყანაში“ მიხედვით, რეჟისორმა ალექსანდრე ქანთარიამ დადგა. სპექტაკლი ახალგაზრდა გმირის მეტამორფოზსა და გარე სამყაროსთან ურთიერთობაზე მოგვითხრობს.
სპექტაკლს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
პრემიერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.
გიორგი ჯინჭარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს თანამშრომლობისა და დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, ზურაბ აბაშიძემ თბილისის საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე მონაწილეობდნენ.