მესტიაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის შემოქმედებითი საღამო ჩატარდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე დაესწრო.
საგუნდო მუსიკის კონცერტი მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ფესტივალის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ ფარგლებში გაიმართა.
კაპელის მომღერალთა დასმა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ქართველი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, ასევე, გუნდისთვის არანჟირებული ცნობილი სიმღერები შეასრულა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ირაკლი ბაღათურია, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი გეგი ფალიანი, ასევე, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვანი კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებებით აღინიშნება. პროექტი „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება და ქვეყნის ქრისტიანული მემკვიდრეობის, კულტურული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
