აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია ძიუდოში ,,აფხაზეთის ღია პირველობას" დაესწრო.
შეჯიბრი აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით ბაკურიანში გაიმართა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები. გამარჯვებულები გოგონებსა და ვაჟებს შორის 11 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, გიორგი ძაძამიამ მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა და პრიზიორების სიგელებითა და მედლებით დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.
,,აღნიშნული ტურნირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სპორტი ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, არამედ ისეთი ღირებულებების განმტკიცების მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომლებიც წარმატებული და პასუხისმგებლობიანი საზოგადოების საფუძველს ქმნის. მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორებს, მხარდამჭერ უწყებებს, მწვრთნელებსა და მონაწილეებს ჩემპიონატის წარმატებით განხორციელებისთვის. ვულოცავ გამარჯვებულებს დამსახურებულ ტიტულს და ყველა მონაწილეს დიდ წარმატებას ვუსურვებ", - აღნიშნა გიორგი ძაძამიამ.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, ვეტერანები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
