აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სვანეთში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ბიოტექნოლოგიების ბანაკი გაიმართა. მესტიამ 6 დღის განმავლობაში თითოეული მუნიციპალიტეტიდან 15-17 წლის 10 ახალგაზრდას უმასპინძლა.
შერჩეული 100 მონაწილე ბანაკის ფარგლებში ბიოტექნოლოგიების თანამედროვე მიმართულებებს, საერთაშორისო ტენდენციებსა და სხვადასხვა სფეროში მათ გამოყენებას გაეცნო; აგრეთვე, პროგრამირების, ბიოტექნოლოგიებისა და სხვა მოთხოვნადი მიმართულებების შესახებ ტრენინგები მოისმინა და ვორქშოპებში მიიღო მონაწილეობა.
ბანაკის დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე დაესწრო. მონაწილეებმა მოწვეულ სტუმრებს შესწავლილი მასალის საფუძველზე გუნდურად შექმნილი პროტოტიპები და სტარტაპ იდეები წარუდგინეს, ასევე მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.
მინისტრის მოადგილემ მოზარდებს ბანაკის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ორგანიზატორებს კი მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებისთვის, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის მსგავსი საგანმანათლებლო და განვითარებაზე ორიენტრებული შესაძლებლობის შექმნისთვის.
დასკვნით ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ნადარაია, 9 მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
