საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, პირველ მოადგილე გური ბაქრაძესთან ერთად ესწრებოდნენ.
დაჯილდოების ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ. მათ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 10 ღვაწლმოსილი პედაგოგი გამოავლინა და მასწავლებლის ეროვნულ პრემიასთან ერთად, 10 000 ლარით დააჯილდოვა.
გამარჯვებულ მასწავლებლებს შორის იყო აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი რუსუდან ლომთაძე. აფხაზეთიდან დევნილი მასწავლებელი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებითა და მათი იდეების ხელშეწყობით გამოირჩევა. სწავლების პროცესში აქტიურად იყენებს არაფორმალურ განათლებას, ხელმძღვანელობს მედიაწიგნიერების, დებატების, მეტყველებისა და მკითხველთა კლუბებს. 2024 წელს იგი აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
