გიორგი ბარამიამ 2010 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ  აფხაზეთის მთავრობის მიერ 2010 წელს გაწეული  მუშაობის შედეგები შეაჯამა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელს მთავრობა ორი ძირითადი, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით მუშაობდა.   პოლიტიკური კუთხით აფხაზეთის მთავრობა ჩართული იყო ჟენევის მოლაპარაკებებში, ასევე თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით კი, აფხაზეთის მთავრობა ორიენტირებული იყო დევნილთა საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრაზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით,გასული წელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ნატოს საპარალამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რუსეთის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩაიწერა და ოფიციალურად აღიარებულ იქნა ტერმინი „ოკუპაცია" და „ეთნიკური წმენდა".

2010 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე,გიორგი ბარამიამ აფხაზეთის მთავრობის მთავარ პრიორიტეტებზე- განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ  პროექტებზე ისაუბრა, კერძოდ:

- აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების, საგანმანათლებლო პროგრამით, საზღვარგარეთ, საზაფხულო ბანაკებში დასასვენებლად გაგზავნა;

- აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, დევნილი ბავშვებისათვის აჭარის რეგიონში სამშვიდობო ბანაკების მოწყობა;

- აფხაზეთის მთავრობამ 2010 წლის დეკემბერის თვეში განახორციელა პროექტი- აფხაზეთის განათლებისა და დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 60-მდე  დამსაქმებელმა  და 3000-ზე მეტმა განათლებისა და დასაქმების მაძიებელმა;

- დევნილმა მოზარდებმა უფასოდ გაიარეს საზაფხულო ინგლისური ენის ინტენსიური კურსები;

- აფხაზეთის მთავრობამ მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმა იაპონიის საელჩოსთან, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში, კალოუბნის 16-ში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  სამედიცინო დაწესებულების შენობის რეაბილიტაციისათვის გრანტის სახით 100 ათასი აშშ დოლარი გამოიყო .

- დევნილებთან მიმართებაში, ჯანდაცვის კუთხით მოქმედებდა14 პროგრამა, რომლის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება გაეწია 4 826 იძულებით გადაადგილებული პირს, ხოლო უფასო სამედიცინო გამოკვლევები 6000-მდე დევნილს ჩაუტარდა;

- აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება.

- აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, 500-ზე მეტ ეთნიკურად აფხაზს აღუდგათ საქართველოს მოქალაქეობა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში  მიმდინარე   მილიტარიზაციის პროცესებსაც შეეხო  და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას ოკუპანტებმა ფიჩორში,  დამატებით  სამხედრო ბაზის  გახსნით უპასუხეს, რაც წლის ნეგატიურ მოვლენად შეიძლება შეფასდეს.

გიორგი ბარამიამ ილორის წმინდა გიორგის სახელობის მე-11 ს. ეკლესიის ხელყოფის ფაქტი კულტურულ გენოციდად შეაფასა და ხაზგასმით  განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობაა შექმნილი, საოკუპაციო რეჟიმი  ყოველნაირად ცდილობს ქართული კვალის წაშლას.

გიორგი ბარამიამ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის პრიორიტეტებზეც ისაუბრა.

„2011 წელს გაგრძელდება ყველა იმ პრიორიტეტული ღონისძიებების დაფინანსება, რაც გათვალისწინებული იყო 2010 წელს. ამასთანავე, 2011 წელს დაგეგმილია სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდაც.  კიდევ უფრო გააქტიურდება დევნილთა დასაქმებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით მუშაობა,"-განუცხადა ჟურნალისტებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.