უფასო მრავალპროფილიანი სამედიცინო გამოკვლევები დევნილებისთვის

აფხაზეთის ა/რ  მთავრობის ეგიდით, 20-23 ივლისს, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამეგრელოს რეგიონში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებისთვის (ზუგდიდი-ენგურქაღალდკომბინატი, დარჩელი, წალენჯიხა - ფოცხოეწერი, ქ. ფოთი)  მრავალპროფილიან სამედიცინო გასინჯვებს ჩაატარებს.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული ექიმთა ჯგუფი ჩაატარებს.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დაესწრება.

აქციის ფარგლებში რეგიონში ჩასახლებული დევნილები ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსის'' მიერ მიწოდებულ მედიკამენტებს  მიიღებენ. ორ წლამდე ასაკის ბავშვები  შპს ,, ჰუმანა", შპს ,,ჯი სი'' და შპს ,,ალიანსი საქართველოსგან'' ჰიგიენურ ნივთებით, ხოლო შპს ,,ბარამბო'' და შპს ,,ჯიმარტისგან'' ტკბილეულით დასაჩუქრდებიან. საჭიროებისამებრ, დევნილებს  ფოთის მერია  მედიკამენტების შესაძენ ვაუჩერს გადასცემს.