აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

სამოქალაქო ფორუმი – მენტორული პროგრამის განვითარება საქართველოში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ და Hilfswerk International-ის, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ დაგეგმილ სამოქალაქო  ფორუმში – მენტორული პროგრამის განვითარება საქართველოში.  სამოქალაქო ფორუმის მიზანი იყო მენტორობის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციის შესაძლებლობის კუთხით არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების რეაბილიტაციასა და რე-სოციალიზაციის პროცესის ხელის შეწყობა, რათა მათ შეძლონ „ნაბიჯ ნაბიჯ“ შექმნან უკეთესი მომავალი საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის.  საგულისხმოა, რომ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარებმა იუსტიციის დეპარტამენტში უკვე გაიარეს სტაჟირება და სამომავლოდ, იუსტიციის დეპარტამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფი აფხაზეთიდან დევნილი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციაში ხელის  შეწყობის მიზნით, გეგმავს ჩაერთოს მენტორობის პროგრამაში.

ზუგდიდსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციები გაეწიათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და  „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში 28-29-30  ივნისს ქალაქ ზუგდიდსა და  ქალაქ სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველა საჭირო სამართლებრივ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს. ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  წევრები  ესწრებოდნენ.

საერთაშორისო ტურნირი კარატეში

კარატეში აფხაზეთის ომის ვეტერანის, შოთა შარტავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქ. თბილისში ჩაატარა აფხაზეთის ომის ვეტერანის, შოთა შარტავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი კარატეში.

ტურნირი მიეძღვნა აფხაზეთის ომში დაღუპულ, ვ. გორგასალის III ხარისხის მედლის კავალრის შოთა შარტავას ხსოვნას.

შეჯიბრებაში მონაწილეობდა ასამდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთა შორის საპრიზო ადგილები დაიკავეს: ნიკოლოზ ლაგვილავა - I ადგილი 20 კგ წონით კატეგორიაში; დავით კეკელია - III ადგილი 27 კგ წონით კატეგორიაში; ზურაბ ლაგვილავა - III ადგილი 33 კგ წონით კატეგორიაში; გიორგი კინტრაია - III ადგილი 51 კგ წონით კატეგორიაში. საპრიზო ადგილებზე გასული ყველა სპორტსმენი დაჯილდოვდა შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასებით.

მსაჯთა კოლეგიას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ნარმანია. შეჯიბრებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები.

რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2-3 ივლისს გაიმართება.

სამუშაო ვიზიტით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

28-29 ივნისს აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კ. კუჭუხიძე და სამმართველოს უფროსი რ. კოკაიამ მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ  სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებში  ქ. ზუგდიდსა და ქ. სენაკში.

აქციის ფარგლებში რეგიონში განსახლებულ დევნილებს  ჩაუტარდათ უფასო სამედიცინო გამოკვლევები და გაეწიათ მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაციები.

"საჯარო გამოსვლები და ეფექტური კომუნიკაცია"

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა შედგა საქართველოს განათლების აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან,ქალბატონ სოფო ქვარცხავასთან თემაზე: "საჯარო გამოსვლები და ეფექტური კომუნიკაცია".

შეხვედრაზე განხილულ იქნა საჯარო გამოსვლის ტექნიკა და ეფექტური კომუნიკაციის ზოგადი პრინციპები.

ოკუპაციის მუზეუმი საზღვრისპირა რეგიონში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კ.კუჭუხიძემ და სამმართველოს უფროსმა რ. კოკაიამ 30 ივნიისს მოინახულეს საზღვრისპირა რეგიონში-სოფ: ხურჩაში მშენებარე ოკუპაციის მუზეუმი, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რ. ქობალიას ორგანიზებით მოძიებული სახსრებით მიმდინარეობს კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარება.

ზუგდიდსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი და რევმატოლოგი.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და  C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების მიხედვით დევნილ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ესწრებოდნენ.

ასევე, სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.

აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის მოსწავლე კონკურსის - „მომავლის ევროპელი“ - ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გამოცხადებული ესეების კონკურსის - „მომავლის ევროპელი“ – „Imagining the European of the future?“ შედეგები შეჯამდა. 28 გამარჯვებულ მოსწავლეს შორის აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გუგა ხუციძეცაა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფ. ბენდელიანი), რომელმაც დიპლომი ნომინაციაში - „ჟიურის სიმპათია“ და 400- ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი მოიპოვა.

გამარჯვებულებს სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გადასცეს.

კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა.

აფხაზეთის ტურიზმის დამსახურებული მოღვაწის გივი მეშველიანის 90 წლის იუბილე აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის მკვიდრის, აფხაზეთის ტურიზმის დამსახურებული მოღვაწის გივი მეშველიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გამართა. თავდაცვის ვიცეპოლკოვნიკი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი წლების განმავლობაში ტურისტულ კომპლექს „ცხუმის“ ხელმძღვანელი იყო.

საიუბილეო საღამო გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა, ხოლო საღამოს უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე.

გივი მეშველიანს 90 წლის იუბილე მიულოცეს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ, გივი მეშველიანის მეგობრებმა და ცნობილმა პიროვნებებმა - ვასილ კადენეცმა, თემურ შაშიაშვილმა, შალვა წულეისკირმა, ლონდერ ცაავამ და სხვ.

გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ იუბილარი სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, თანაბრად ემსახურებოდა აფხაზ და ქართველ ხალხს და გამორჩეულად დაამახსოვრა ყველას თავი. გამომსვლელებმა გივი მეშველიანთან ურთიერთობის არაერთი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენეს და კიდევ დიდ ხანს სიცოცხლე უსურვეს მას. საღამოს მუსიკალური ნომრები უწევდა თანხლებას და ამრავალფეროვნებდა.

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, გივი მეშველიანის ოჯახის წევრები და ახლობელ-მეგობრები.

,,ქართველი რომანტიკოსები“ აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის სცენაზე

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში ჩატარდა პოეზიის საღამო თემაზე ,,ქართველი რომანტიკოსები“. X და XI კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ს. რურუას. ხელმძღვანელობით, დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს.

მოსწავლეებმა შესანიშნავად მოირგეს დიდი წინაპრების როლები და მსმენელს წარუდგინეს რომანტიკოსთა ის ნაწარმოებები, რომლებიც XIX საუკუნის I ნახევრის ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობის გამომხატველი იყო.

პოეზიის საღამოს ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და პედაგოგს ჩანაფიქრის ასე საინტერესოდ გადმოცემისთვის.

რუსლან აბაშიძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ვლადიმერ იმნაძის სამუშაო შეხვდრა გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების პრობლემებზე და იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო სამოქმედო გეგმაზე.

ახლო მომავალში იგეგმება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც მხარეებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი და მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია ესწრებოდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ფოცხოეწერში ჩასახლებულ  აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის, მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის, მოზარდების საზაფხულო ბანაკში გამგზავრების, ერთჯერადი მატერიალური დახმარებებისა და სხვა საკითხებზე.

ქ. სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა საანგარიშო კონცერტი გამართა

ქ. სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სახლში საანგარიშო კონცერტი გამართა. კონცერტში მონაწილეობდნენ სასწავლებლის მოსწავლეები და პედაგოგები, რომელთაც თანხლებას უწევდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით. კონცერტზე შესრულდა გ. ჰენდელის, ი. ბახის, ვ. მოცარტის, ჯ. ვერდის, ჯ. პუჩინის, რ. ლაღიძის, ვ. აზარაშვილის და სხვ. ნაწარმოებები.

კონცერტს აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად მუსიკოსები, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და სხვ. ესწრებოდნენ. კონცერტის მონაწილეებს და დამსწრეთ მადლობა გადაუხადა დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა დავით ოკუჯავამ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს განცხადებების მიღებას დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიანტების გამოსავლენად 2019-2020 სასწავლო წლისთვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციისა და გააქტიურების მიზნით, 2016 წელს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა.

სტიპენდიის დაწესება ემსახურება მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან წარმოადგენს ახალგაზრდების მხარდაჭერისა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის მიმართულებით გადადგმულ ქმედით ნაბიჯს.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი  აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ ამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია გამიზნულია (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ ამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა.

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა.

კანდიდატთა განაცხადების წარდგენის ვადაა 2019 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე:
595 34-33-20, ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული:

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისდა ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიებ