კოპიტნარსა და ზესტაფონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით კოპიტნარსა და ზესტაფონში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ბენეფიციარებს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მუნიციპალიტეტების მერიის და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მომსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა 200-ზე მეტმა პირმა მიიღო.
ნანა გაბელია აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებს შეხვდა

28 ივნისს ქალაქ ზუგდიდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრა სამინისტროს პროგრამის ,,პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში“ ფარგლებში გაიმართა და ახალგაზრდებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ეძღვნებოდა.

საინფორმაციო შეხვედრისას სკოლის დამამთავრებელი საფეხურის მოსწავლეებს მიეწოდა ინფორმაცია სასწავლო პროგრამების და იმ ძირითადი საკითხების შესახებ, რომლებიც მომავალში ახალგაზრდებს პროფესიის სწორად არჩევაში დაეხმარება.

შეხვედრა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა და მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია კონფლიქტის ზონაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმ ძირითად საკითხებზე იმსჯელეს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია შშმ პირებისა და მათი მშობლების სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.

მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანს, როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრს, უნდა ჰქონდეს წვდომა იმ სერვისებზე, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. პროცესის სწორი წარმართვისთვის აუცილებელია თავად ამ პირებისა და მათი მშობლების სწორი ინფორმირება, მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება.

შეხვედრას ა(ა)იპ კავშირი „ნერგები“ -სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამების“ პროვაიდერი - ორგანიზაციის ხელმძღვანელი იამზე ალფენიძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყებათაშორისი საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო გახდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს შორის გამართული უწყებათაშორისი საფეხბურთო ტურნირი დასრულდა.

საპრიზო პირველი ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მოიპოვა.

მეორე და მესამე ადგილები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა დაიკავეს.

საფეხბურთო ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამარჯვებული გუნდები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

ლევან თევზაია დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო
დღეს, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია,მოადგილესთან გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად , დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო.
 
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.
 
მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ პატრიარქის მიმართვა წაიკითხა.
 
დიასპორის ფორუმს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 25-26 ივნისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. კერძოდ, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნებაზე. 

მოლაპარაკებებზე ქართულმა დელეგაციამ მორიგ ჯერზე  დასვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებების შედეგად წარმოქმნილი რთული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხი.  
 
ქართულმა მხარემ ასევე შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და დაგმო 9 ივნისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, ასევე,  მიმდინარე წლის მარტში ორივე ოკუპირებულ რეგიონში გამართული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, მათ მიერვე დამკვიდრებული  პრაქტიკის გამოყენებით, კიდევ ერთხელ დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა, რითაც ჩაშალეს მოლაპარაკებები. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. 

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

შვეიცარიაში აფხაზი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი ფილმის გადაღება გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის მთავრობის ინიციირებული პროექტის ფარგლებში, ფილმის „ცნობილი აფხაზების უცნობი სახეები“ გადაღება გრძელდება. 

ემიგრაციაში მოღვაწე ცნობილი აფხაზების  შესახებ ფილმის გადაღება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი პრეზენტაცია წლის ბოლოს იგეგმება.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები პრილის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პრილის სასაფლაოზე პატივი მიაგეს გასული საუკუნის აფხაზური ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლის ზურაბ ჩხოტუას ხსოვნას. იქვე დაკრძალულია ცნობილი დიპლომატის ნიკი (ნიკოლოზ) ჩხოტუას ბიცოლა, ჩხოტუების საგვარეულოს ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის ჯოტო ემუხვარის მეუღლე - ვერონიკა ჰარისი-ემუხვარი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ემიგრაციის მხარდაჭერაში.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს ემიგრაციაში წასული აფხაზური წარმოშობის ცნობილი მოღვაწეების საარქივო მასალების მოძიებასა და მათ საქართველოში დაბრუნებას.

პროექტის „ფილმი - ცნობილი აფხაზების უცნობი სახეების“ მეორე ნაწილის განხორციელება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობით პროექტის „ფილმი - ცნობილი აფხაზების უცნობი სახეების“ მეორე ნაწილის განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში სამუშაო შეხვედრები გამართა საქართველოს სრულუფლებიან დესპან ეკატერინე კოკაიასთან. შეხვედრები ასევე გაიმართა ლეგენდარულ ფრანგ მსახიობ ფანი არდანთან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის შვილიშვილ თამარ ჩხენკელთან და საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორ ჰერვე გოსტოდ-არტურთან.

პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა საარქივო მასალებისა და ფოტო დოკუმენტაციის მოძიება და განხორციელდა ვიდეოგადაღებები ესპანეთსა და საფრანგეთში. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან.

პროექტის მეორე ნაწილის ფარგლებში, მიმდინარეობს  სამუშაო შეხვედრები საფრანგეთის რესპუბლიკაში, რომელიც გულისხმობს არსებულ სხვადასხვა თემატურ არქივებთან, მუზეუმებსა ბიბლიოთეკებთან და ალექსანდრე შერვაშიძესთან დაკავშირებულ პიროვნებებთან შეხვედრებს, მასალების, ვიდეოკადრებისა და ინტერვიუს გადაღება-ჩაწერას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ, უკვე მესამე წელია აქტიურად ხდება ემიგრაციაში გადახვეწილი აფხაზი საზოგადო მოღვაწეების მიერ შექმნილი ფასდაუდებელი ნამუშევრების მოძიება, დაარქივება და ქართველი და აფხაზი საზოგადოებისთვის გაცნობა.

დავით ფაცაცია ფოლკლორულ მუსიკის საღამოს „იმერეთიდან აფხაზეთამდე“ დაესწრო

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ მეუფე იოანეს ლოცვა - კურთხევით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ფოლკლორული მუსიკის საღამო - "იმერეთიდან აფხაზეთისკენ", რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფოლკლორული კოლექტივები.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომლებშიც ჩართულნი არიან ბავშვები, ახალგაზრდები განსაკუთრებით აფხაზეთელებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორედ, კულტურა არის პირველი ხიდი, პირველი წყარო ნდობის, სიყვარულისა და ერთიანობისა.

იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი იყოს ბედნიერი, ქართველებს და აფხაზებს გვაქვს ვალდებულება - მშვიდობით, სიყვარულით და ერთმანეთის ნდობით შევქმნათ ახალი რეალობა და გავერთიანდეთ არა ძალით, არამედ იმ სიყვარულით, ერთობით და ნდობით, როგორითაც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები.

ამ გზაზე უწმინდესი ილია მეორე არის ყველაზე დიდი მაგალითი თავმდაბლობის, სათნოების, უბრალოების, სიყვარულის, მოთმინების, რომელმაც ყველა მძიმე პერიოდებში დაანთო თითოეული ჩვენგანის გულებში, ოჯახებში სანთელი და გვასწავლა ღვთის გზაზე სიყვარულით, ერთობით სიარული. ველოდები იმ დღეს, როცა უწმინდესი და უნეტარესი ილია II დალოცავს სოხუმიდან გაერთიანებულ საქართველოს და ღმერთმა ქნას ეს ძალიან მალე მოხდეს.

მადლობას ვუხდი ღონისძიების ყველა მონაწილეს საოცარი ემოციებისთვის, წარმატებებს ვუსურვებ მათ და მჯერა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა თაობაა, ის ძლიერი ძალა, რომელიც დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში.“ - დავით ფაცაცია

 

„6-თვიანი ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალიმ ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში შედგა.

ექვსთვიანი სასწავლო კურსი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და განკუთვნილი იყო აფხაზეთის სკოლების იმ კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც სწავლას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განაგრძობენ.

პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა თხუთმეტმა სტუდენტმა ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა.

ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „6-თვიანი ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროგრამის კურსდამთავრებულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალიმ სერტიფიკატები გადასცეს.

ექვსთვიანი სასწავლო კურსი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და განკუთვნილი იყო აფხაზეთის სკოლების იმ კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც სწავლას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განაგრძობენ.

პროგრამის ფარგლებში თხუთმეტმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტმა ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა.

„აფხაზეთის დღისადმი“ მიძღვნილი საღამოს ფარგლებში აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომის „ერთ სიმღერას ვმღერით“ პრეზენტაცია გაიმართა

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში „აფხაზეთის დღე-2024“ აღინიშნა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, „ბრავო რექორდსის“ მიერ შექმნილი აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომის „ერთ სიმღერას ვმღერით“ პრეზენტაცია გაიმართა.

წელს პირველად აფხაზეთის დღის აღნიშვნა აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ასევე, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მათ თანატოლებს მიეძღვნა.

საღამოზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ და პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, გურამ ოდიშარიამ.

კონცერტზე ალბომში შესული აფხაზური მუსიკალური კომპოზიციები ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა წარმოადგინეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, მოხდა დღევანდელ აფხაზეთში ყველაზე მოსმენადი და პოპულარული თანამედროვე მუსიკალური ჰიტების შერჩევა-გადამუშავება და მათი ახლებურად გააზრებული არანჟირებების შექმნა. სიმღერების ვოკალური ნაწილი აფხაზურ ენაზე პოპულარულმა ახალგაზრდა ქართველმა მომღერლებმა ჩაწერეს.

პროექტში მონაწილეობდნენ ნუცა თოფურია, ია ჯგერენაია, ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე, გიორგი ცხადაძე, დუეტი „ჯორჯია“, სოფო გელოვანი და გიორგი სუხიტაშვილი, თიკა მახალდიანი, სოფო ხალვაში, ანსამბლი „ოდა“, მილენა აჟიბა და ნინო პაპავა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“.

ალბომში შესულია 10 თანამედროვე აფხაზური პოპ-ჰიტი და ერთი ავთენტური აფხაზური ხალხური სიმღერა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ შესრულებით.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ, ჟურნალ „სითისა“ და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, „აფხაზეთის დღეს“ ყოველწლიურად სხვადასხვა თემატური ღონისძიებებით მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნავს. ზემოაღნიშნულის ფარგლებში 30 ივნისს ბათუმში დაგეგმილია გალაკონცერტი „აფხაზეთისთვის“, ასევე, სხვადასხვა აქტივობები დასავლეთ საქართველოში, სადაც აფხაზეთობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი ე.წ. გამყოფ ხაზთან მასშტაბური კონცერტით დაიხურება.

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან 61-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას და, ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების — რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე.

ასევე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის აუცილებლობას.

შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული ვითარების საკითხი. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და დაგმო სულ ახლახანს — 9 ივნისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2024 წლის 25-26 ივნისს.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და შპს „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 7 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და შპს „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და შპს „სქილვილის“ დირექტორმა გიორგი მარიამიძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს IT სფეროს მიმართულებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განათლების გაუმჯობესებას და ციფრული მარკეტინგის სფეროს პოპულარიზაციას. შესაბამისი სემინარები და ტრენინგები დაეხმარება დევნილ ახალგაზრდებს პროფესიული პროგრამების სწავლების პროცესში და პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულთა შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.

მემორანდუმის გაფორმებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროსა და „სქილვილის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციების წევრებისა და დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე. ყურადღება გამახვილდა სამინისტროში მოქმედ პროგრამებსა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.