აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

წყალტუბოში დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ქალაქ წყალტუბოში იმერეთის რეგიონის დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ორი დღის განმავლობაში დევნილებს ჩაუტარდათ ტრეინინგი და მიეწოდათ ინფორმაცია იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს. მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს პრობლემური საკითხები, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში არსებულ საჭიროებებს გაეცნენ და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ამხანაგობების თავმჯდომარეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის ადაპტირებული ვერსია) დაურიგდათ. 

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

პროექტის მიზანია დევნილთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობა საბინაო მართვის პროცესში. პროექტი აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"-ს პარტნიორობით ხორციელდება.

რუსლან აბაშიძე იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იმერეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და საჭიროებები, მათ შორის, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების საკითხი იყო.

იმერეთის გუბერნატორმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სამომავლო  თანამშრომლობის საკითხებზე და პროექტებზე იმსჯელეს.

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იმერეთის თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის წყალტუბოშიც არიან ჩასახლებული, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული პროექტი იწყება. ქუთაისსა და წყალტუბოში ასევე მიმდინარეობს იმერეთის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი ბინების  მშენებლობა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ესწრებოდნენ.

რეზო ქობალია ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთის“ წარმომადგენელს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთის“ წარმომადგენელს ირაკლი ქოჩუას შეხვდა. შეხვედრას ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, მათი დასაქმების, მეწარმეობის განვითარებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით განახორციელონ ერთობლივი პროექტები.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” და „ASB საქართველო“ აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს ,,დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“, რომელიც მიზნად ისახავს დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების უზრუნველყოფის გზით. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში ზუგდიდში საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი (LDC) შეიქმნა, რომელიც დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დოკუმენტაციის მომზადებაში კონსულტაციას გაუწევს.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სოლო-კონცერტი გაიმართა

დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელას  სოლო-კონცერტი გაიმართა. 

კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა  ჯგუფ „The Georgian Six“-თან ერთად 6 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლეში, დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმს საზეიმოდ გახსნის. სტრასბურგში შესრულდება აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო  კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის მიერ საგანგებოდ ამ კონცერტისთვის არანჟირებული ქართული და უცხოური კომპოზიციები. 

დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმი 6-8 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება და მასში 100-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის ევროპის საბჭოს 47 წევრი და ექვსი დამკვირვებელი ქვეყნის) 2000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენა პირდაპირი ეთერით  მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სოლო-კონცერტი ასევე „Respire Temple Neuf“-ის ტაძარში გაიმართება, რომელსაც ქართული დიასპორის, ადგილობრივი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

რუსლან აბაშიძე „FINSOL"-ის პრეზიდენტ ხულიო გარსია კარპიოს შეხვდა

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ მადრიდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძისა და ესპანური ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „FINSOL"-ის პრეზიდენტ ხულიო გარსია კარპიოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი ჰუმანიტარული და სოციალური ხასიათის პროექტები, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და „FINSOL“-ის თანამშრომლობით წლების განმავლობაში მიმდინარეობს. მხარეები არსებული პროექტების გაგრძელებასა და  ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე მადრიდის რეგიონის ქალაქ ტრეს კანტოს მერი ხესუს მორენო გარსია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL“ 2008 წლიდან თანამშრომლობენ. ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სხვადასხვა ჰუმანიტარული პროექტები ხორციელდება.

რეზო ქობალია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

რეზო ქობალია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას შეეხო.

აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

დიმიტრი გულია იყო მრავალმხრივი მოღვაწე: მან უდიდესი წვლილი შეიტანა აფხაზური კულტურისა და ლიტერატურის განვითარებაში, კ. მაჭავარიანთან ერთად, რუსული გრაფიკის საფუძველზე, შეადგინა აფხაზური ანბანი, ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი, იყო პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის“ რედაქტორი, 1922-1924 წლებში ივანე ჯავახიშვილის მიწვევით ასწავლიდა აფხაზურ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ა. შ.

დიმიტრი გულიას ამ და სხვა დამსახურებებზე აფხაზი ხალხის ისტორიაში ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

აფხაზი პოეტისა და მოღვაწის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ლექსები და ფრაგმენტები წაიკითხეს მსახიობებმა თამარ ცქვიტინიძემ, გიორგი კაჭახიძემ და ნიკოლოზ ფაიქრიძემ. ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები შეასრულეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთი, კვარტეტმა „აფხაზეთი“, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტალურმა ანსამბლამა „გუმბათი“. დიმიტრი გულიას ლექსები აფხაზურ და ქართულ ენებზე წაიკითხეს აფხაზეთის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნანა ძიძარიამ და ალექსი ბასარიამ. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ წარმოადგინა აფხაზური ხალხური ცეკვა. შემოქმედებითი საღამოს რეჟისორი იყო გიორგი თავაძე. საღამოს მომზადებაში მონაწილეობდნენ სამინისტროს თანამშრომლები: მანონ ბულისკერია, ნატო კორსანტია, კახაბერ ძაძამია, გიორგი ფარცვანია.

თბილისში დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და დიმიტრი გულიას მოღვაწეობასა და დამსახურებებზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, კვარტეტი „აფხაზეთი“ და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „გუმბათი“.

საღამოზე შესრულდა ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები და ცეკვები, მსახიობებმა წარმოადგინეს დიმიტრი გულიას ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფრაგმენტები და  წაიკითხეს ლექსები მისი შემოქმედებიდან. აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასევე აფხაზურ და ქართულ ენებზე დიმიტრი გულიას ლექსები წაიკითხეს.   

დიმიტრი გულიამ  უდიდესი წვლილი შეიტანა აფხაზური კულტურისა და ლიტერატურის განვითარებაში. მან რუსული გრაფიკის საფუძველზე კონსტანტინე მაჭავარიანთან ერთად შეადგინა აფხაზური ანბანი, ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი, იყო პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის“ რედაქტორი. დიმიტრი გულია ივანე ჯავახიშვილის მიწვევით 1922-1924 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზურ ენას ასწავლიდა.

სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობაზე მოხელეთა შერჩევის მიზნით კომისიის სხდომა გაიამართა

2019 წლის 29 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში, ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე მოხელეთა შერჩევის მიზნით, სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

სამინისტროში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 29 ოქტომბერს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში, აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, შექმნილი სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ დავით მიქავამ კომისიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ობიექტებზე დასრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ. შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა რეგიონებში ობიექტებზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე შესწავლა/გაცნობა.

აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა

აფხაზეთის საჯარო სკოლებში, აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა წაიკითხეს აფხაზური ლექსები, ჩანახატები, შეასრულეს მუსიკალური კომპოზიციები. მათ ასევე მოაწყვეს საღამო - „აფხაზურ-ქართული ხელოვნება უძველესი დროიდან დღემდე“, წაიკითხეს საინტერესო რეფერატები - აფხაზეთის მხატვრები და აფხაზეთის მუსიკოსები და ბოლოს კი ყოველივე ამის გარშემო დისკუსია გამართეს.

სკოლების სამუსიკო და ქორეოგრაფიულმა წრეებმა წარმოადგინეს აფხაზური სიმღერები და ცეკვები. მოსწავლეებმა გამოფინეს ნახატები თემაზე - „ჩემი აფხაზეთი“ და აფხაზურ ენაზე შესრულებული კალიგრაფიული ნამუშევრები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ IV ეტაპის განხორციელებას იწყებს

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

განმცხადებელს  მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • დევნილის მოწმობის ასლი;
  • ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
  • რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
  • სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს  ბოლო  სემესტრის  მონაცემებით);
  • წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
  • ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი  გადასახდელი  თანხის  ოდენობა).

პროგრამაში შევიდა ცვლილება, მინისტრის ბრძანებით  თანადაფინანსება განისაზღვრა შემდეგნაირად:

  1. 500 ლარის ოდენობით- ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით   80-დან  90%-მდე );
  2. 700 ლარის ოდენობით- ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით   90% და მეტი);
  3. 300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში.

სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 4 ეტაპად. მეოთხე ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება I ნოემბერ და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით.

თითოეულ ეტაპზე, შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერთიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით. ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე:  +995 595 34 33 20; +995  577 09 22 39.

განცხადებების  მიღება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი:  თბილისი, უზნაძის ქ. N 68.

დიმიტრი გულიას დაბადების 145 წლისთავთან და აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის ორგანიზებით აფხაზური ენის დღესთან და დიმიტრი გულიას დაბადების 145 წლისთავთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ მიმართეს.

კონფერენციაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის აფხაზეთის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ ისაუბრა დიმიტრი გულიას ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. ღონისძიების ფარგლებში წამოდგენილი იყო მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი საარქივო მასალები, ასევე აფხაზური ენის სახელმძღვანელოები, აფხაზურ-ქართული და ქართულ-აფხაზური ლექსიკონები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ

აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - „არქეოლოგია ყველასათვის" ჩაერთვნენ

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის „არქეოლოგია ყველასათვის" ფარგლებში მცხეთის, წილკნისა და ძალისის არქეოლოგიური ადგილები მოინახულეს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის „არქეოლოგია ყველასათვის" მხარდამჭერია ბრიტანეთის ,,ექსტერის“ უნივერსიტეტი და იგი მიზნად ისახავს, მოსწავლეებს გააცნოს არქეოლოგიური ნიმუშის გზა გათხრებიდან საგამოფენო დარბაზამდე.

კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა მცხეთის მიმდებარე არქეოლოგიური ბაზა, წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი და ძალისის ნაქალაქევი მოინახულეს. მოსწავლეებს არმაზის არქეოლოგიურ ბაზაზე ნივთების კონსერვაციისა და რესტავრაციის გაკვეთილები ჩაუტარდათ. მოზარდებმა დაათვალიერეს ფონდები და ახლადშექმნილი სამეცნიერო ლაბორატორია. ბოლოს თავადვე აღადგინეს დაზიანებული ნივთები, რომლებიც მათ საჩუქრად გადაეცათ.

სკოლის მოსწავლეებს მეგზურობას უწევდა საქართველოს ერონული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარეჯან ძოწენიძე. აგრეთვე, მათ ახლდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარი მრჩეველი მალხაზ კორძახია და ვ. ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის დირექტორი სვეტა რურუა. დასასრულ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციამ დევნილ მოსწავლეებს უმასპინძლა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო თანადგომისათვის მადლობას უხდის პროგრამის ხელმძღვანელს, ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს დავით ლორთქიფანიძეს.

ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის თეატრალური დასი „ნიღბები“ ფესტივალ „მაჩაბელაზე“ წარმატებით წარსდგა

ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის თეატრალური დასი „ნიღბები“ მონაწილეობდა ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალ „მაჩაბელაში“, რომელიც „თეატრი ათონელზე“-ში გაიმართა.

ფესტივალზე ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-მა აკ. წერეთლის მოთხრობების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „ბუტიაობა“ წარადგინა.

თეატრალური დასი „ნიღბები“ ხუთი წლისაა. დასის ხელმძღვანელის, რეჟისორ თამარ იმნაიშვილი-ბრეგვაძისა და დამწყები თეატრალების ტანდემი წარმატებული აღმოჩნდა. მათ ერთობლივად დადგეს არაერთი ლიტერატურული კომპოზიცია და სპექტაკლი, რომელთა შორის გამორჩეულია: „წუთისოფელი“ (ხალხური ზეპირსიტყვიერების მიხედვით), „ჩვენ დავბრუნდებით“ (აფხაზეთის ომისა და სოხუმის დაცემის თემაზე), „ვინ მოკლა ილია?!“ (პატრიოტულ და ისტორიულ-შემეცნებით თემაზე), „ახალი წელი“ (პანტომიმა) და ა. შ.