აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

რუსლან აბაშიძე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ ნორვეგიელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მთავრობის თავმჯდომარემ ნორვეგიის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო.

ბერგლიოტ ჰოვლანდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორვეგიის სამეფოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

რუსლან აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის, რადგან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა ევროპული ინტეგრაციის გზაზე

დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის, რადგან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის შესაძლებლობათა ფანჯარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ევროკავშირში ინტეგრაცია არის სამშვიდობო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი.

ევროკავშირის ყველა ინსტიტუტი უზრუნველყოფს ისეთ ევროპულ ფასეულობათა დაცვას და მოფრთხილებას როგორიცაა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, ეთნიკური მრავალფეროვნების პატივისცემა, კულტურულ-ენობრივი იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნება. სწორედ ამიტომ დღევანდელი რეკომენდაცია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ გადაწყვეტილებას.

დავით ფაცაცია ბათუმში გაიმართულ აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და „შავი ზღვის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო გაერთიანება პლენერი-20-ის“ ერთობლივი ორგანიზებით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა საქველმოქმედო ღონისძიება.

პროექტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით მოღვაწე, მათ შორის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მხატვრები.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო პლენერები და შესრულდება ფერწერული ნამუშევრები, რომელთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, ქ. ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. აღნიშნულ დასკვნით ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ მხატვართა ნამუშევრები.

დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, ბათუმის ვიცე მერი ლევან დავითაძე, „შავი ზღვის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო გაერთიანება პლენერი-20-ის“ დირექტორი ზურაბ ჭედია.

“ღონისძიების მიზანი შოვის ტრაგედიით დაზარალებული პირების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იძულებით გადაადგილებული მხატვრების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. ყველაზე მნიშვნელოვანია, მხატვრების განწყობა, მათ ჩვენს პირველივე თხოვნაზე გამოხატეს მზადყოფნა, აჭარის სილამაზით გადმოეცათ აფხაზეთის სილამაზე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის, რომელთა დახმარებითაც უპრეცედენტოდ სწრაფად, ლამაზად და კარგად მოვახერხეთ პროექტის განხორციელება.

აქვე მინდა აღვნიშნო, მუჰაჯირების შთამომავლების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ნათლად ჩანს აჭარის მოსახლეობაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასა და საქართველოს მთავრობაში. საოცრად სასიამოვნო და საამაყოა, რომ აფხაზურ ენაზე თავისუფლად მეტყველებენ აჭარაში, ფერიაში მცხოვრები აფხაზები. სწორედ ისინი არიან ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვიცავთ და ვაძლიერებთ აფხაზეთის ისტორიას, ფასეულობებს, ტრადიციებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ენას.

მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზატორს ვისთან ერთად განვახორციელეთ ღონისძიება. ჩვენთვის უაღრესად დასაფასებელი, ძვირფასი და სამაგალითოა ეს ურთიერთგაგება, საქართველოს ტკივილის გაზიარების, ჩვენი სამშობლოს ერთიანობის, ჩვენი ერთობის მიმავალ გზაზე. მახარებს ეს განწყობა და მინდა, რომ ეს ყველაფერი არა მარტო ღონისძიებაზე, არამედ ქუჩებშიც იგრძნობოდეს. აჭარის მაგალითზე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ერთიან საქართველოში, სოხუმში მოვაწყობთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს.” - დავით ფაცაცია

თბილისის საკრებულოში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

თბილისის საკრებულოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიების მიზანს მეწარმე ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის საზოგადოებაში პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

სტუმრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა და თბილისის საკრებულოს გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. რუსლან აბაშიძემ სიტყვით გამოსვლისას დევნილი მეწარმეების ხელშეწყობაზე და მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა დევნილი მეწარმეების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

გამოფენას თბილისის საკრებულოს წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ კუბერნატს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ ჩეხ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა.

მთავრობის თავმჯდომარემ ჩეხეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. რუსლან აბაშიძემ ასევე, ელჩს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მიერ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

პეტრ კუბერნატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ, თავის მხრივ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე იანა გაშპარიკოვა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით სტუდენტური კონფერენცია „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება" გაიმართა

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სტუდენტური კონფერენცია „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიიღეს.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა სტუდენტური კონფერენციის „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს.  

კონფერენციის გამარჯვებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი რევაზ ბერულავა გახდა, მეორე ადგილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა კესანე არშბამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე კობაიძე გავიდა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში 1996 წლიდან აღინიშნება.

„წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2023 წლის IV ეტაპის განხორციელებას იწყებს.

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ:

ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების სტუდენტები;

ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების (ბაკალავრები,მაგისტრანტები) სტუდენტები;

ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების რეზიდენტები.

მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით:

ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.

(მისამართი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ სატელეფონო ნომრებზე:

+995 598 17 41 78;

+995 577 09 22 39.

იხ. განცხადების ბლანკი: https://shorturl.at/mnuyR

იხ. ვრცლად: https://shorturl.at/zMQZ4

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს თანამშრომლებმა კონფერენციაში „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ მიიღეს მონაწილეობა

კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სოციალური სერვისების მიწოდება, დასაქმების გააქტიურება, უმუშევრობის დაზღვევა.

პროექტის „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელმისაწვდომობის გაძლიერებას არსებულ სერვისებზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების, პასუხისმგებელ მხარეთა შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და ინფორმირებულობის გაზრდის გზით.

კონფერენცია იგპ ქალთა ასოციაციის „თანხმობის“ მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის პარტნიორები არიან „Expertise France“ (AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.

კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სხვადასხვა საბიუჯეტო დაწესებულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

პროექტ „სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკუმი სტუდენტებისათვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატმა ქვეპროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში, პროექტი „სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკუმი სტუდენტებისათვის“ განახორციელა.

პროექტი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების იურიდიული/სამართლის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის აფხაზეთიდან დევნილი 30 სტუდენტისთვის 90 დღის განმავლობაში სისხლის სამართლის პროცესის საადვოკატო პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებდა. სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგები სისხლის სამართლის პროცესსა და მის შემდეგ დისციპლინებში: კრიმინალისტიკა, კრიმინოლოგია, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, განხილვები სასამართლო ინსტანციებში. ასევე, მონაწილეები დაესწრნენ ყველა ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვებს.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტის მიზანი აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდული ინიციატივებისა და საქმიანობის ხელშეწყობა იყო.

 

დავით ფაცაცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას „ქართულ-ებრაული ურთიერთობები“ დაესწრო

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება „ქართულ-ებრაული ურთიერთობები“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სოხუმში დაბადებული ქართველი ებრაელის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორია (საარქივო მასალების მიხედვით)“ პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური კოლექცია - ლაილაშის ბიბლია, ებრაელთა ისტორიის, მათი შემოსვლის ამსახველი „ქართლის ცხოვრების“ ფურცლები, ებრაული კოლექციის ხელნაწერთა ფოტორეპროდუქციები და საინფორმაციო ბანერები.

ღონისძიება კავკასიის სოციო (ეთნო) ლინგვისტური ასოციაცია „ებრაული სააგენტო ისრაელისთვის“ და ქართულ-ებრაული სამეცნიერო-კვლევითი და კულტურული ცენტრის „ფესვები“ პარტნიორობით განხორციელდა და მისი მიზანია ქართულ-ებრაული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების წარმოჩენა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წიგნი „საქართველოს ებრაელთა ისტორია“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით გამოიცა და მასში შესულია უნიკალური საარქივო მასალები.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სამუშაო შეხვედრა გამართეს

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს ეკატერინე ნანდოშვილს და გამგეობის წევრებს შეხვდა.

სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა იმ პროცესებზე ისაუბრეს, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გამოყენების პროცესს გაუმარტივებს.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე,სამომავლო გეგმები განიხილეს და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ჩართულობით გარემოსდაცვითი კვირეული აღინიშნა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ ,აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში.

,,მსურს დიდი მადლობა გადავუხადო სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს თანამშრომლობისთვის.

სასიხარულოა ის გარემობა, რომ აფხაზეთიდან დევნილი სკოლის მოსწავლეები ასეთი ენთუზიაზმით არიან ჩართულები დასასუფთავებელი ლოკაციების შერჩევაში. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა და ეკოცნობიერების ამაღლების კუთხით მოსწავლეების მაქსიმალური ინფორმირება"-აღნიშნა მინისტრმა.

ღონისძიების ფარგლებში ლევან თევზაიამ სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთიდან დევნილი მეწარმის მიერ შექმნილი თემატური საჩუქრები გადასცა.

დასუფთავების აქციის უმთავრესი დანიშნულებაა ბუნების დაცვა და მასზე ზრუნვა. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდების გარემოსდაცვით ღონისძიებებში მონაწილეობის წახალისებას.

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება „ქართულ-ებრაული ურთიერთობები“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება „ქართულ-ებრაული ურთიერთობები“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სოხუმში დაბადებული ქართველი ებრაელის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორია (საარქივო მასალების მიხედვით)“ პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური კოლექცია - ლაილაშის ბიბლია, ებრაელთა ისტორიის, მათი შემოსვლის ამსახველი „ქართლის ცხოვრების“ ფურცლები, ებრაული კოლექციის ხელნაწერთა ფოტორეპროდუქციები და საინფორმაციო ბანერები.

ღონისძიება კავკასიის სოციო (ეთნო) ლინგვისტური ასოციაცია „ებრაული სააგენტო ისრაელისთვის“ და ქართულ-ებრაული სამეცნიერო-კვლევითი და კულტურული ცენტრის „ფესვები“  პარტნიორობით განხორციელდა და მისი მიზანია ქართულ-ებრაული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების წარმოჩენა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წიგნი „საქართველოს ებრაელთა ისტორია“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით გამოიცა და მასში შესულია უნიკალური საარქივო მასალები.

რუსლან აბაშიძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე სამუშაო დღე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და ერთობლივი, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ ეკონომიკას. მინისტრმა ფორუმის დელეგატებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნის პროცესში გადადგმული ნაბიჯების და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

საერთაშორისო ფორუმი ქვეყნებს, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის დიალოგისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელმაც ორი დღის განმავლობაში 60-მდე ქვეყნიდან 2000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მიმართეს.

შეხვედრის მონაწილეებმა იმ შემოთავაზებებსა და პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს განვითარებისა და ინტეგრაციის საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს. ასევე, მოისმინეს ახალგაზრდების ინიციატივები და მოსაზრებები მათთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.