აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

გრიბოედოვის თეატრში ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა

თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში, ქართველ კომპოზიტორისა და მომღერლის, ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება მომღერლის დაბადების დღეს დაემთხვა.

შემოქმედებით საღამოზე თავად ავტორისა და სხვა ქართველი მომღერლების შესრულებით აჟღერდა ია მაისაიას სიმღერები, რომელთა შორის იყო ცნობილი აფხაზეთელი პოეტის, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერებიც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, პოეტი და დრამატურგი გენო კალანდია და ია მაისაიას ახლობლები და მეგობრები.

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაციამ, მინისტრ სოზარ სუბარის სახელით, ია მაისაიას საპატიო სიგელი გადასცა.

ვახტანგ ყოლბაია ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 30-ე რაუნდზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში გაემგზავრა. ქართულ დელეგაციას ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს.

შეხვედრაზე ქართული მხარე აუცილებლად დასვამს საკითხს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე.

მოლაპარაკებები ჟენევაში 9-10 დეკემბერს გაიმართება.

საგარეჯოსა და ბაკურციხეში ჩასახლებული დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

დღეს, „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში, საგარეჯოსა და ბაკურციხეში ჩასახლებულ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.

საგარეჯოში მაცხოვრებელი დევნილებისათვის სამედიცინო გამოკვლევები „ჯეოჰოსპიტალში", ბაკურციხეში კი ე.წ. ტურბაზის დასახლებბაში ჩატარდა. გამოკვლევები ჩაატარეს „ღუდუშაურისა" და დვალის თვალის კლინიკის მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა. აქციაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ მედიკამენტები და ჰუმანიტარული ტვირთი.

ღონისძიებას ესწრებდონენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.

ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხვალ თელავში მაცხოვრებელი დევნილებისათვის ჩატარდება.

როინ მეტრეველის 75 წლის იუბილე აღინიშნა

დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში აკადემიკოს როინ მეტრეველის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება და წიგნის - „ქვეყნის სიყვარულში განვლილი წლები'' წარდგინება მოხდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართმადიდებულური ეკლესიის წარმომადგენლები, ქართველი პროფესორ-აკადემიკოსები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია.

ვახტანგ ყოლბაიამ როინ მეტრეველს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ დაწესებული სიგელი გადასცა.

„ბატონი როინ მეტრეველი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გამორჩეული ფიგურაა. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარებაში. განსაკუთრებულია მისი დამოკიდებულება აფხაზეთის პრობლემისადმი ზოგადად და ააფხაზეთის ტრაგედიისადმი, კერძოდ.. გამიჭირდება მადლიერების გამოხატვა ჩემი და დევნილთა საზოგადოების სახელით, როცა მან შვილივით შეიფარა აფხაზეთის უნივერსიტეტი, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები. ყოველდღიური ზრუნვა აფხაზეთის უნივერსიტეტის პერსონალზე, მან თავის უმთავრეს საქმედ მიიჩნია. ბატონმა როინ მეტრეველმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს უნივერსიტეტს თავი გარიყულად არ ეგრძნო. მისი მიზანი გახლდათ – აფხაზეთის უნივერსიტეტს სრულფასოვნად შეედგა ფეხი საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო სამყაროში. ბატონი როინის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი სოხუმის უნივერსიტეტი ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს იკავებს ქართულ საგანმანათლებლო სფეროში. არ შემიძლია ჩვენი უნივერსიტეტის პირველი რექტორის ბატონი ოთარ ჟორდანიას დამსახურებაზეც არ ვთქვა ორიოდ სიტყვა. მან ძალიან სწრაფად აუღო ალღო შექმნილ ურთულეს სიტუაციას. მართვის უნარმა, განსაცვიფრებელმა ორგანიზატორულმა ნიჭმა და ახალ სიტუაციაში ახლებური მიდგომების გამონახვამ, თავისი საქმე გააკეთა. ბატონი როინისთვის ეს დიდი ძალა იყო. ქვეყნის წინაშე კი იდგა უდიდესი ამოცანა, უნდა

გადაერჩინათ ძირძველი ტერიტორიიდან დევნილი ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო კერა, მისი სახელი, ავტორიტეტი, ადამიანები, მათი წარსულიც და მომავალიც. იმ დროს, როცა ყველაფერი ჭირდა, ბატონმა როინმა თავისი კოლექტივის „ხარჯზე“, მოიკლო ყველაფერი ჩვენი უნივერსიტეტის სასარგებლოდ. ეს ღვაწლი ღირსეულად არის შეფასებული აფხაზეთის უნივერსიტეტში.

ვულოცავ ბატომ როინს დღევანდელ საიუბილეო დღეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება, გაგრძელდება სოხუმშიც. ეჭვგარეშეა, რომ სოხუმში მის პიროვნულ თვისებებს დღესაც პატივისცემით ეკიდებიან.“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაია ქართული ენის სწავლების საკითხთან დაკავშირებით რაულ ხაჯიმბას განცხადებას ეხმიანება

გუშინ გალში, გაეროს მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გალის რაიონის მოსახლეობისთვის სკოლებში ქართული ენის სწავლების საკითხს არ ეწინააღმდეგება. „მაგრამ ერთი პირობით, სახელმძღვანელოები და ყველა თვალსაჩინოება თუ ნივთი, რაც ამისთვის საჭიროა, აფხაზეთის განათლების სამინისტროს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული და გამოცემული."

ხაჯიმბას ამ გამოსვლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ეხმიანება: „მისასალმებელია, რომ ხაჯიმბას გალის რაიონში არსებული ვითარების რეალური შეფასების მცდელობა აქვს. ამ შემთხვევაში სამწუხაროა, რომ ქართველებისათვის იმ ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლას სთავაზობს, რომელსაც, რბილად რომ ვთქვათ, ობიექტურობასთან და ისტორიულ წყაროებთან საერთო ცოტა რამ აქვს, არა მგონია, რომ ეს წაადგეს ქართველ ან აფხაზ მოსწავლეებს. დადგა დრო- აფხაზი და ქართველი ისტორიკოსები მიუსხდნენ მაგიდას და დაიწყონ ფიქრი ისტორიის ისეთი სახელმძღვანელოს შექმნაზე, რომელიც არ იქნება გაჯერებული პოლიტიკით, იქნება მიუკერძოებელი და ობიექტური. ეს არ არის იოლი საქმე, მაგრამ ასეთი წიგნი ყველასთვის იქნებოდა მისაღები. ამიტომაც ვამბობ- დროა ამაზე დავიწყოთ საუბარი ერთად.

კარგი იქნება, თუ გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, პოლიტიკური იდეოლოგიის მიღმა იმუშავებენ ქართული სკოლები. იმ ფონზე, როცა აფხაზეთში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ფუნქციონირებს სომხური, რუსული სკოლები (რომლის მიმართ არაფერი საწინააღმდეგო გვაქვს) ლოგიკური და ადეკვატური იქნებოდა ქართული სკოლების გახსნა გალის რაიონში მაინც. ქართული ენისა და ობიექტური ისტორიის შესწავლა არაფერ შუაშია პოლიტიკასთან და იქნებ ეს სოხუმში გაითვალისწინონ".

ჩეხეთში „აფხაზეთის კულტურის დღეები“ დასრულდა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით 6 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, პრაღაში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის Diamonds Voice-2014 („ბრილიანტის ხმები") ფარგლებში, „აფხაზეთის კულტურის დღეები" გაიმართა.

საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მომღერლები 16 ქვეყნიდან, საქართველოს სახელით გასულმა, აფხაზეთიდან დევნილმა მარიამ პაჭკორიამ მესამე ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილზე ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი გავიდა, ხოლო პირველი ადგილის მფლობელი კუბელი მონაწილე გახდა. სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებთან ერთად  მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის დავით ბაძაღუას ნამუშევრების გამოფენა.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი იყო სამუშაო შეხვედრები ჩეხეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში.

ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ზურაბ ჯგუბურია და ჩეხეთში საქართველოს ელჩის მოაგდილე ალექსანდრე ჭელიძე ჩეხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს კატერინა კალიგსტოკას შეხვდნენ.

 შეხვედრისასა საუბარი შეეხო აფხაზეთში მდებარე ქართულ სკოლებში არსებულ პრობლემებს, ასვე დევნილობაში აფხაზეთის კულტურის კერების- თეატრების, სამუსიკო სკოლებისა და სასწავლო ცენტრების საქმიანობას. ისაუბრეს აფხაზეთის კულტურის სამინისტროსთან ერთად სამომავლო პროექტების განხორციელებაზე.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე  შეხვედრები გამართეს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატში საქართველო-ჩეხეთის პარლამენტის ჯგუფის ხელმძღვანელებთან და უსაფრთხოებისა და ევროპარლამენტის კომისიის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრებმა ჩეხეთის პარლამენტარებს გააცნეს აფხაზეთის ხელისუფლების საქმიანობა, აფხაზეთში არსებული ვითარება. შეთანხმდნენ, რომ ჩეხეთის პარლამენტი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დაგეგმავენ სამუშაო და საქმიან სამომავლო შეხვედრებს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა  გაიმართა კარლოვი ვარის მხარის მერთან პეტრე კულანეკთან, სადაც ისაუბრეს მათი მხრიდან აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის დახმარების გზების მოძიებასა და კულტურულ თანამშრომლობაზე.

ქართულმა დელეგაციამ მონიშნა ის სახლი, სადაც 1923-39 წლებში პრაღაში ცხოვრობდა საქართველოს მთავრობის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე არზაყან ემუხვარი, რომელმაც საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად 1921 წელს იძულებით დატოვა საქართველო. მის შთამომავალს ნატო მარშანიას კი ამ ადგილის მოძიებაში დაეხმარნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ პრაღაში.

ვიზიტის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია მიწვეულნი იყვნენ პრაღაში „რადიო თავისუფლების" ქართულ რედაქციაში, სადაც სტუმრებს თბილი დახვედრა მოუწყვეს „რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის უფროსმა დავით კაკაბაძემ, რედაქტორმა ოქროპირ რუხაძემ და რადიომაუწყებლობის თანამშრომლებმა.

გადაცემაში „დაბრკოლების ზოლი" აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტ კობა ლიკლიკაძის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და შეაჯამეს აფხაზეთის კულტურის დღეები. ასევე, ისაუბრეს რუსეთ-აფხაზეთს შორის დადებულ ხელშეკრულების შესახებ, აფხაზეთში შექმნილ ვითარებასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პრობლემატიკაზე.

პრაღაში „აფხაზეთის კულტურის დღეები"-ს ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული ჩეხეთში საქართველოს საელჩო და პირადად ელჩი ზაზა გოგსაძე.

გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო

გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, რეკულტივაციის სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საქვეუწყებო სატყეო სამსახურის ინციატივით, ხეების დარგვის აქცია გაიმართა. სამუშაოების ფარგლებში სულ 1100-მდე ძირი ხე დაირგა. რეკულტივაციის სამუშაოების პირველი ეტაპი ამა წლის მარტში დაიწყო და დღეს დასრულდა.

გამწვანების აქციაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და სატყეო სამმართველოს თანამშრომლები.

გლდანის რაიონში ჩასახლებული დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

28 ნოემბერს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში გლდანის რაიონში განსახლებული დევნილებისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

გასინჯვებს მთელი დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის" კვალიფიციური სპეციალისტები და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმები ატარებდნენ.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.

პრაღაში აფხაზეთის კულტურის დღეები იმართება

26 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, პრაღაში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის Diamonds Voice-2014 („ბრილიანტის ხმები") ფარგლებში, „აფხაზეთის კულტურის დღეები" იმართება. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი პრაღაში ყოველწლიურად ტარდება და მასში ტრადიციულად სხვადასხვა ქვეყნის ინდივიდუალური შემსრულებლები და საესტრადო ანსამბლები მონაწილეობენ.

ფესტივალის ორგანიზატორის (სამოდელო სახლი NARIMODELS, ing. Iosef Cermak) და გენერალურ სპონსორების (Hotel TDP PRAGUE, Metropolitan District Prague 6, პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია Ekotekhnika CZ, Radio CZ-I და სხვ.), პატრონაჟით ფესტივალში წელს პირველად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და ხელოვნების, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციას მიაწვდიან ჩეხეთის პოლიტიკური, მედიის, კულტურის, სამეცნიერო წრეებისა და ჩეხეთში ქართული დიასპორის  წარმომადგენლებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში, პრაღის მერიაში და კარლოვი-ვარის მხარის გუბერნატორთან.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა კატალოგის და ნამუშევრების გამოფენა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, ისტორიკოს ჯემალ გამახარიას „აფხაზეთის ისტორია" (ჩეხურ ენაზე) და ზურაბ ჯგუბურიას „ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში" წიგნების (ქართულ-რუსულ-ინგლისურ-ფრანგულ ენებზე) პრეზენტაცია-გავრცელება ფესტივალის მონაწილეებსა და საპატიო სტუმრებს შორის.

ფესტივალ Diamonds Voice-2014 -ის საერთაშორისო ჟიურის წევრთა შორისაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.

ქობულეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა„ლანცეტის" ორგანიზებით, დღეს, ქობულეთის ტურისტულ პოლიკლინიკაში აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. აქციაში ასევე მონაწილეობდა თბილისის დევნილთა პოლიკლინიკა. გარდა ამისა, პაციენტებს ემსახურებოდა ზუგდიდის კლინიკა „ლაიფის" ონკოლოგი ბესიკ აბშილავა. სამედიცინო გამოკვლევებში ჩართული იყო კლინიკა „ლანცეტის" 16 დარგობრივი ექიმი.

გარდა სამედიცინო გამოკვლევებისა, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ 17 000 ლარის ღირებულების მედიკამენტები, ასევე დარიგდა ჰუმანიტარული ტვირთი. გამოკვლევებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 3 500-მა დევნილმა. ანალოგიური აქცია აფხაზეთიდან დევნილთათვის გუშინ ბათუმში ჩატარდა.

აქციის მიმდინარეობას უშუალოდ ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აჭარის ავტონომური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქცია დასასრულს უახლოვდება, თუმცა, წლის ბოლომდე, მსგავსი გამოკვლევები კახეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთათვისაც ჩატარდება. მან მადლობა გადაუხადა აქციაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებას და თითოეულ იმ დევნილს, რომელმაც მათი შეთავაზებული სერვისით ისარგებლა.

როგორც ყოლბაიამ აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტში სამედიცინო-პროფილაქტიკური პროგრამა გათვალისწინებულია. მისი თქმით, ბიუჯეტში განსაკუთრებით გაიზრდება სახსრები დევნილთათვის უფასოდ დასარიგებელი მედიკამენტებისათვის.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ დევნილთა მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის აფხაზეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა და იქვე აღნიშნა, რომ აჭარაში მცხოვრები დევნილები რეგიონში მოქმედ ჯანდაცვის ყველა სხვა პროგრამაშიც არიან ჩართულნი.

ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ლანცეტის“ ორგანიზებით, დღეს, ბათუმში, შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში“ აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. აქციაში ასევე მონაწილეობდა თბილისის დევნილთა პოლიკლინიკა. გარდა ამისა, პაციენტებს ემსახურებოდა ზუგდიდის კლინიკა „ლაიფის“ ონკოლოგი ბესიკ აბშილავა. სამედიცინო გამოკვლევებში ჩართულია კლინიკა „ლანცეტის“ 16 დარგობრივი ექიმი.

გარდა სამედიცინო გამოკვლევებისა, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ 17 000 ლარის ღირებულების მედიკამენტები, ასევე დარიგდა ჰუმანიტარული ტვირთი. გამოკვლევებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 3 500-მა დევნილმა. ანალოგიური აქცია აფხაზეთიდან დევნილთათვის ხვალ უკვე ქობულეთში გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, ბათუმში წარმოდგენილი იყო მაღალი კვალიფიკაციის 30 სპეციალისტი. მისივე თქმით, გამოვლინდა რამდენიმე საკმაოდ მძიმე პაციენტიც.

„აჭარაში ჩამოსვლა დიდი ხანია რაც დაგეგმილი გვაქვს, დევნილებიც რა ხანია გველოდებიან. მათი ძალიან დიდი თხოვნა იყო, რომ ჩვენი სამეცდიცინო ჯგუფი ფართო სპექტრით ყოფილიყო წარმოდგენილი. მაქსიმალურად შევეცადეთ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება – წარმოდგენილია 30-მდე სპეციალისტი, რომელთა შორის, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, არის ონკოლოგი, მამოლოგი, ანგიოლოგი. 

სამწუხაროდ, დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, პაციენტებში გამოვლინდა მძიმე ონკოლოგიური შემთხვევები. ისინი დაკვალიანდნენ, გვეწვევიან თბილისში და მათ უფრო მაღალტექნოლოგიური კვლევები ჩაუტარდებათ, შემდეგ კი მკურნალობა გაეწევათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. მედიკამენტებთან ერთად დევნილებს გადავცემთ ჩვენ მიერ შექმნილ საოჯახო პაკეტებს, რომელშიც შედის პირველადი სააფთაქო მოთხოვნა; ასევე ვარიგებთ ჰუმანიტარულ ტვირთს“, – განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

ვახტანგ ყოლბაია კომპანია „ამბრის“ წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია  ქართულ–უკრაინული კომპანია „ამბრის“ დირექტორს  რუსლან ხიმიჩს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის დარგში დევნილების დასაქმებისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ერთობლივი  პროექტები.

ვახტანგ ყოლბაიამ კომპანია „ამბრის“ წარმომადგენლებს ერთობლივი პროგრამების განხორციელებაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა. საქმიან შეხვედრაზე გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები, რომელთაც ორივე მხარე შეისწავლის და მათი რეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნას ურთიერთშეთანხმების გზით მოახდენს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს განცხადება რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ე.წ. ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით

   რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის ე.წ. მთავრობას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის", შესახებ შეთანხმების მოსალოდნელი ხელმოწერით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას, სუვერენული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზის ექვსპუნქტიანი დოკუმენტის ძირითადი მოთხოვნების უგულებელყოფას.

   ე.წ. ხელშეკრულების პროექტი რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნის საბაბით საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ყოფნის დაკანონების მცდელობას. მასში დეკლარირებული ვითომ საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის „სახელმწიფო საზღვრის" ერთობლივი დაცვა, ერთიანი ძალოვანი სტრუქტურების ჩამოყალიბება და სხვა, სინამდვილეში ნიშნავს მდინარე ენგურთან რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გავლებას, საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსიფიკატორული პოლიტიკის დამკვიდრებას და, აქედან გამომდინარე, აფხაზური ეთნოსის გაქრობას.

   რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ბოლო წლების განმავლობაში ეწევა სახიფათო პოლიტიკას, როდესაც იგი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე სახელმწიფოების წინსვლის შემაფერხებელ ფაქტორად მის მიერვე ინსპირირებული ეთნოკონფლიქტების შედეგად წარმოქმნილ ე.წ. სახელმწიფოებს იყენებს.

  მიუხედავად ქართული სახელმწიფოს თანმიმდევრული მცდელობისა კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანოს ორივე ქვეყნის ობიექტური ინტერესების საზიანოდ ჩიხში შესული ქართულ-რუსული ურთიერთობები, აღნიშნული ქმედებით მოსკოვი ეწინააღმდეგება საქართველოს დეოკუპაციის კანონიერ მოთხოვნას, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.  ამით რუსეთი სერიოზულ ზიანს აყენებს გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებას, აგრეთვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმდინარე პროცესს.

   „სამოკავშირეო ხელშეკრულების" გაფორმებით ეჭვქვეშ დადგება აფხაზი ერის ეთნიკურ-კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების პერსპექტივა, რასაც კარგად აცნობიერებს აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი. მან იცის ან უნდა იცოდეს, რომ  საქართველოს მთავრობის ძალისხმევა აფხაზი ხალხის კეთილდღეობასა და  ეროვნული იდენტობის  შენარჩუნებაზეა  მტკიცედ ორიენტირებული .

   რუსეთის  პოლიტიკურ წრეებში საჯაროდ აცხადებენ, რომ „ხელშეკრულება" თითქოს  ორ ქვეყანას - რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის იდება, რაც სინამდვილეს არ შეეფერება და საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს მიიჩნევს მის განუყოფელ ნაწილად, საიდანაც გამოდევნილია მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. იგი ადასტურებს, რომ რუსეთი არღვევს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, არამედ,  ძირს უთხრის მომავალში საკუთარი ქვეყნის ერთიანობასაც, რაც, შესაძლოა, უფრო საშიში მადესტაბილიზირებელი ფაქტორი გახდეს მთელი მსოფლიოსთვის.

   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობა და უმაღლესი საბჭო, რომლებიც აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნებას გამოხატავენ, მტკიცე პროტესტს გამოთქვამენ კრემლის მორიგი დესტრუქციული ქმედებების გამო. ჩვენ არასოდეს შევურიგდებით რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის მიტაცების ნებისმიერ მცდელობას. მოუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე, აამოქმედოს სათანადო მექანიზმები, რათა დაიცვას რეგიონული უსაფრთხოება, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა.

აფხაზეთის მთავრობის წევრები WKF-ის ვერსიით კარატეს მსოფლიოს ჩემპიონს გოგიტა არქანიას შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები აფხაზეთიდან დევნილ გოგიტა არქანიას შეხვდნენ. ვახტანგ ყოლბაიამ სპორტსმენს მსოფლიო ასპარეზზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და საჩუქრად სმარტ ფონი გადასცა. გოგიტა არქანია პირველი ქართველი კარატისტია, რომელიც WKF-ის ვერსიით კარატეს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გერმანიის ქალაქ ბრემენში WKF ვერსიით მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა 120 ქვეყნის 1 000-მდე სპორტსმენი. საქართველოს ნაკრების წევრმა, აფხაზეთის მკვიდრმა (ქ. ოჩამჩირე) გოგიტა არქანიამ იასპარეზა 84 კგ. წონით კატეგორიაში. მან წარმატებით ჩაატარა ფინალამდე მისასვლელი ყველა ორთაბრძოლა, ფინალში 4:1 დაამარცხა იაპონიის წარმომადგენელი რიუტარო არაგა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

შეხვედრას საქართველოს კარატე-დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და აფხაზეთის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ ჯახაია ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით აფხაზეთიდან დევნილ ვახტანგ ბერულავასა და ამრიდონ ჩეგიანს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი გადაეცათ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენები გადასცსა 1986-1993 (26 სექტემბრამდე) წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ვახტანგ ბერულავასა და პოეტ ამრიდონ ჩეგიანს. ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ბერულავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების კომისიის საქმიანობაში. იგი სატრანსპორტო კომისიას ხელმძღვანელობდა და საგანგებო რეჟიმში უძღვებოდა ქალაქ სოხუმიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საპასუხისმგებლო საქმეს. საგანგებო რეჟიმში მომუშავე სოხუმში, როგორც სახმელეთო, ასევე, საჰაერო ტრანსპორტის გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას დაღუპვისგან უხსნია არა მარტო ათასობით თანამოქალაქე, რომელთა შორის მეტწილად ქალები და ბავშვები იყვნენ, არამედ ბრძოლის ველზე დაჭრილ-დასახიჩრებული, სისხლისგან თითქმის დაცლილი მეომრებიც. ვახტანგ ბერულავას ბოლო წუთებამდე არ დაუტოვებია მშობლიური ქალაქი.

ამრიდონ ჩეგიანმა გაგრის დაცემის შემდეგ, ალყაში მყოფ მშობლიურ სოფელი ოთხარაში, ჩამოაყალიბა ,,სოფელ ოთხარის ხსნის კომიტეტი" და თავად ჩაუდგა სათავეში, სადაც ქართველებთან ერთად გაერთიანდნენ სოფლის უხუცესი აფხაზებიც. ხსნის კომიტეტმა შესძლო კონტაქტის დამყარება გუდაუთის ხელისუფლებასთან, გაკეთდა ე.წ. სამშვიდობო დერეფანი, ტყვეობიდან განთავისუფლდნენ სოფლის ახალგაზრდები და ოთხარის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა გადაურჩა სრულ განადგურებას. იგი 16 პოეტური კრებულის ავტორია.

აფხაზეთის მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ორივე მათგანის კანდიდატურა ღირსების ორდენზე იმ გმირობებისთვის წარუდგინა, რომელიც მათ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების დროს გამოიჩინეს.