აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე - ანზორ მარგიანთან, თავის პირველ მოადგილე - გურამ მისაბიშვილთან, სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორ - სალომე დოლიძესთან და როდოსის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, როდოსის მიტროპოლიტ კირილე II-ის მიწვევით ლიტურგიასა და ტრაპეზს დაესწრნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა როდოსის ადგილობრივ ხელისუფლებასა და როდოსის მიტროპოლიტ კირილე II-ს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკის განხორციელების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. მათ, ასევე, ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე და განიხილეს სამომავალო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.
როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-ემ ისაუბრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ავტორიტეტსა და მრავალწლიან ღვაწლზე მართლმადიდებლურ სამყაროში.
დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.