მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
დავით ფაცაცია ღონისძიებას - „გვახსოვდეს აფხაზეთი“ დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი - დავით ფაცაცია ყვარელის მუნიციპალიტეტში ღონისძიებას - „გვახსოვდეს აფხაზეთი“ დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო მოკლემეტრაჟიანი მხატვრულ დოკუმენტური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ფილმის - „ადრე თუ გვიან“ ჩვენება, ხოლო ყვარელში მცხოვრებმა ბავშვებმა დადგეს სპექტაკლი - „გვახსოვდეს აფხაზეთი“.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადაეცათ პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობით გამორჩეულ ადამიანებს:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფროს მრჩეველს - ბატონ გოგი ფაცაციას;

ყვარელის მუნიციპალიტეტის მერს - ბატონ გივი ზაუტაშვილს;

საქართველოს მწერალთა კავშირის თავჯდომარეს - ქალბატონ მაყვალა გონაშვილს;

მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიის “გულანი“ თავმჯდომარეს - ქალბატონ ნაირა მარშანიას.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე - გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი - ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ნუგზარ მგალობლიშვილი, ყვარელის საკრებულოს თავმჯდომარე - ილია მზექალაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღონისძიება ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს“, მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია “გულანის“, ა(ა)იპ - „ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ყვარელის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.