მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო შეხვედრა გამართა

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელ თინათინ სვანიძე-ვენკოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი საზოგადოებრივი გაერთიანების "ქართველი ვეტერანების ამერიკელი მეგობრების" პრეზიდენტ ნიკოლოზ ქარჩავას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის სხვადასხვა ბანაკებში აფხაზეთიდან დევნილი, დიასპორის ახალგაზრდების ჩართულობის, დევნილი ვეტერანების მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარებების განხორციელების საკითხებზე, ამ მიზნით საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმოებაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხარეების ხელშეწყობით, შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დაიგეგმა შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„მოხარული ვარ, რომ მხარეებმა ერთობლივად გამოვხატეთ მზადყოფნა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების მიზნით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.

ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა ყველა შესაძლო მეთოდით, რაშიც ქართული დიასპორების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით.“ - დავით ფაცაცია.