„აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მონაწილეებმა აფხაზეთზე, დევნილი სტუდენტების საჭიროებებსა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებზე ისაუბრეს.
ღონისძიება „აფხაზეთობა თსუ-ში“ მუსიკალური ნომრით გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა „უნივერსიტეტი“, ასევე მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სტუდენტებთან შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართა.