აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
გმირთა მემორიალთან, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ომის მონაწილეები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.
„დღეს, პატივი მივაგეთ ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.
აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან გამართულ ბრძოლაში ასეულობით ქართველმა მებრძოლმა გამოიჩინა ვაჟკაცობა და თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას - ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.
მეამაყება თითოეული მათგანი და მადლობას ვუხდი ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლისა და თავისუფლების სიყვარულისთვის.
მჯერა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ იმ ღირებულებებისა და მიზნების დაცვას, რისთვისაც სიცოცხლე გაწირეს საქართველოს ერთგულმა შვილებმა და მშვიდობით, სიყვარულით, ნდობითა და ურთიერთპატივისცემით მოვახდენთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანებასა და ისტორიული ერთობის აღდგენას.“ - დავით ფაცაცია