მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
დავით ფაცაცია STEAM კონფერენციასა და პროექტების გამოფენას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში STEAM კონფერენციას, პროექტების გამოფენას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა 60 სკოლის 300-მდე მოსწავლემ მიიღო, რომელთა მიერ მომზადებული STEAM პროექტების გამოფენა საუნივერსიტეტო სივრცეში მოეწყო. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების პროექტებიც, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და STEM აკადემიის ერთობლივად ორგანიზებულ STEM განათლების 2 თვიან უფასო პროგრამაში არიან ჩართულები.

მოსწავლეებმა შესაბამისი სფეროს სპეციალისტებისგან კონსულტაციები და შეფასებები ადგილზე მოისმინეს და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, სამომავლოდ ახალი პროექტები დაგეგმეს.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მადლობას ვუხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, STEAM პროგრამის ორგანიზატორებს და იდეის განმახორციელებლებს, განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავით სონღულაშვილს, რომლის ხელმძღვანელობით ჩვენი დევნილი მოსწავლეები ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ.

ჩვენ გვყავს უდიდესი ენერგიებისა და პერსპექტივების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც დარწმუნებული ვარ გაერთიანებულ, ძლიერ საქართველოს ააშენებენ ძალიან მალე და დღევანდელ დღეს წარმოდგენილი პროექტების მსგავს პრეზენტაციებს აფხაზეთში განახორციელებენ.

თითოეულ ახალგაზრდას დიდ წარმატებებს ვუსურვებ და მადლობას ვუხდი იმისთვის რასაც აკეთებენ. მჯერა, რომ ეს ყველაფერი უდიდესი ძალისხმევით, მონდომებით, ტექნოლოგიების მიმართ უნიკალური დამოკიდებულებით ხდება.

ჩვენი სკოლების წარმატებული ახალგაზრდები გვაძლევენ იმის რწმენას, რომ გავიმარჯვებთ ყველგან და ყველაფერში, რაც ყველაზე მთავარია საქართველომ უნდა გაიმარჯვოს ერთიანობითა და ძლიერი ახალგაზრდა თაობის დახმარებით.“ - დავით ფაცაცია