მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
დავით ფაცაცია აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ქ. თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კალაძესთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ქ. თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო.

თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტზე სახურავის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და გლდანის რაიონის გამგეობის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულება 70 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 54 ოჯახი ცხოვრობს.

„ჩვენ ეტაპობრივად ვხვდებით აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, ადგილზე ვეცნობით მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს და მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საჭიროებების შესაბამის ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პროექტებს ვახორციელებთ, რათა ხელი შეუწყოთ ჩვენი დევნილი მოქალაქეების სოციალური და ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესებას.“ - დავით ფაცაცია